ბათუმის სტადიონთან „აღორძინების“ „აქტივისტები“ დედაქალაქში გასამგზავრებლად შეიკრიბნენ


19 ნოემბერი. 2003 წელი. „ბათუმელების“ ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნებული სტატია:

გასულ ორშაბათს ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე „აღორძინების“ „აქტივისტები“ დედაქალაქში გასამგზავრებლად შეიკრიბნენ. მათი უმრავლესობა სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები იყვნენ. აქვე იყვნენ უშიშროებისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

6 საათზე ქალაქიდან 40-მდე მიკროავტობუსი გავიდა. ერთი ვერსიით, გამგზავრებულთა გარკვეული ნაწილი დედაქალაქში სამუშაოს დაკარგვის შიშით წავიდა. უბრალო მოქალაქეების მოსაზიდად კი 20-დან 100 ლარამდე თანხა იყო გათვალისწინებული. როგორც თავდაპირველად აცხადებდნენ, მომიტინგეები ბათუმში მეორე დღესვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ, როგორც ირკვევა, ისინი დედაქალაქში 22 ნოემბრამდე აპირებენ დარჩენას.

აქ თავმოყრილთა გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ, უბრალოდ, სიტუაციის დასაზვერად არის მოსული და არსად წასვლას არ აპირებს, ხოლო ზოგიერთები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ამ პროცესებში თავის გასართობს ეძებენ და დედაქალაქში გამგზავრებას პიკნიკად უფრო აღიქვამენ. ერთმა მათგანმა „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა: „ჩვენი ხელმძღვანელის ინიციატივით მივდივართ, მშვიდობა გვინდა დავიცვათ. მთავარია, საქართველო გადარჩეს და ჩვენ თუნდაც მოვკვდეთ. თუმცა, ჩვენ გარეშე საქართველოს არსებობა გამორიცხულია“.

უკვე დედაქალაქში ჩასულებისგან ასეთ ინფორმაციას ვიღებთ: „ძალით როგორ გამოგვიშვებდნენ, ნებაყოფლობით წამოვედით. მძღოლებს მოგვცეს ას-ასი ლარი, სხვებს 20-20 – საკვებისთვის. ღამეს მანქანებში გავათევთ, ალბათ რუსთაველზე. ის კი ნამდვილად არ ვიცით, თუ როდის დავბრუნდებით“.

აჭარის პოლიციის მინისტრი, ილია წულუკიძე ინფორმაციას ძალდატანებისა და მოსყიდვის შესახებ იმდენად აბსურდულად მიიჩნევს, რომ ხუმრობის გუნებაზე დგება: „ კბილებამდე შეიარაღებული ჩამოვედით – ზარბაზნებით, ტანკებით, თვითმფრინავებით, რადგან ეს ყველაფერი თბილისში არ ჰქონდათ. 20 ათასი პოლიციელი ჩამოვიყვანეთ, 15 ათასი გადაცმულია, 5 ათასი კი კბილებამდეა შეიარაღებული. სამოქალაქო საზოგადოებას 1000-1000 ლარი დაურიგდათ, პოლიციას – 2000-2000“.

მინისტრი კმაყოფილია ზემდგომი, ქვემდგომი და პარალელური სტრუქტურების „თბილი“ დახვედრით და მანამდე აპირებს დედაქალაქში დარჩენას, სანამ თბილისში მშვიდობა არ დამყარდება. მისი თქმით, აჭარიდან ჩასული არასასურველი სტუმრები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში იცხოვრებენ.

ილია წულუკიძე სერიოზულად მაშინ საუბრობს, როცა საშიშროებას ეხება: „გამორიცხული არაფერია, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ და არაფრის გვეშინია“.

თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი, „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში მეშვიდე ნომერი გიორგი არველაძე კი „გაზეთ ბათუმელებს“, მისთვის აბსოლუტურად უცნობ გამოცემას, აბაშიძის კარის გაზეთს უწოდებს და მიმდინარე მოვლენებს შემდეგ შეფასებას აძლევს:

„პროვოკაცია უკვე მოხდა, როცა ჩამოათრიეს დამონებული, გაბრიყვებული ხალხი ხულოდან და ხელვაჩაურიდან. ეს ხალხი, როგორც ცხვრები, ისე შეყარეს მანქანებში. აბა, რომელიმეს გაებედა და ეთქვა უარი წამოსვლაზე. ეს არის ერთი კაცის მიერ ტერორში მყოფი ბრბო. ამ ადამიანებს აბაშიძე იყენებს, როგორც საკუთრებას… ასეთ ბრიყვულ საქციელს მოჰყვება უმძიმესი შედეგები. ეს არის შევარდნაძე-აბაშიძის ძალიან საშიში თამაში. მათ სურთ სამოქალაქო ომის დაწყება და იგი დაიწყება აუცილებლად, რადგან ქართველი ხალხი სულში ჩაფურთხებას ვერ აიტანს“.

არველაძის აზრით, ომის შემდეგ დამარცხებული მხოლოდ აბაშიძე და შევარდნაძე იქნება. „შეურაცხყოფაა, როცა აჭარიდან ჩამოყვანილები საქართველოს მოსახლეობის სახელით ლაპარაკობენ. შეურაცხყოფაა, როცა სპეცრაზმები ჩამოიყვანეს. თუ დაიწყო სამოქალაქო ომი, მირჩევნია მოვკვდე ჩემს ოჯახთან ერთად, ვიდრე მათ დიქტატორულ სახელმწიფოში ვიცხოვრო“.

ბათუმიდან ჯგუფები საქართველოს დედაქალაქში წუხელაც გაემგზავრნენ „მშვიდობიანი ფორმით სამართლიანობის დასაცავად“ და, რაღა თქმა უნდა, „მოხალისეებთან“ ერთად.

მთავარი ფოტო: 2003 წელი. ნოემბერი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.