მთავარი,სიახლეები

აბორტების რიცხვი ბოლო 10 წელში 42%-მდე შემცირდა – ჯანდაცვა

11.11.2019
აბორტების რიცხვი ბოლო 10 წელში 42%-მდე შემცირდა – ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვლევების მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის ქალებში აბორტების მაჩვენებელი დაახლოებით 42 პროცენტამდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს მაჩვენებელი ოჯახის დაგეგმარებისა და სწორი კონტრაცეპციის დამსახურებაა.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში აბორტების მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად შემცირებული. თუ მანამდე, ვთქვათ, კეთდებოდა 700 აბორტი, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია 400-მდე და ეს სწორედ ოჯახის დაგეგმარების დამსახურებაა“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, გაეროს მოსახლეობის 2015 წლის კვლევის მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 17 პროცენტი ამბობდა, რომ კონტრაცეპციაზე არ მიუწვდებოდა ხელი. „2017  წლის კვლევის მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 15 პროცენტზე. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს 15 პროცენტიც აღარ იყოს და ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ოჯახის დაგეგმვის იმ მეთოდებზე, რომლებიც არის მისთვის უპირატესი და მოსახერხებელი და შესაბამისი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან“.

თამარ გაბუნიას თქმით, სხვადასხვა კონტრაცეპტული საშუალებიდან, ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის აბებზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს უფასოდ შეუძლიათ ამ მომსახურების მიღება დონორი ორგანიზაციების დახმარებით, რადგან აბები არ არის უნივერსალური საშუალება და შესაძლოა, ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.

თუ აბების გამოყენებაზე არ აქვს ქალს ექიმის დანიშნულება, ალტერნატიული საშუალება კი ფასიანია, თუ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეუძლია სოციალურად დაუცველ პირს ამ მომსახურების მიღება? – ამ კითხვის პასუხად თამარ გაბუნია ამბობს, რომ საჭიროა კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურ დონეზე განხილვა და „შესაძლოა ეს მომსახურება რომელიმე რეფერალური პროგრამის ფარგლებში მიიღოს პირმა“.

თამარ გაბუნიას თქმით, კონტრაცეპცია დღეს ყველა ქალისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა კითხვაზე, რა იგულისხმება ხელმისაწვდომობაში, კონტრაცეპტივის სიაფე თუ სახელმწიფო სერვისები, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბარიერული საშუალებების გამოყენება (მაგალითად, კონდომი ან საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპცია (ე.წ სპირალი), არის ფასიანი, „მხოლოდ აბები შეუძლია მიიღოს ქალმა უფასოდ, თუმცა ცალკეული შემთხვევები შეიძლება განვიხილოთ ინდივიდუალურად“.

თამარ გაბუნიას თქმით, ფაქტია, რომ აბორტების შემცირების დინამიკა არის სტაბილური და ეს არის სწორედ ოჯახის დაგეგმარების, მოსახლეობის ინფორმირებულობის და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ინფორმაციის მიწოდების შედეგი.

„კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს პირველადი ჯანდაცვის დონეზე, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და კონტრაცეპციის  სხვადასხვა მეთოდზე შეუძლიათ ქალებს ექიმისგან ინფორმაციის მიღება.

ფაქტია, რომ ეს სტრატეგია მუშაობს, ამიტომ განვიხილავთ ამ სტრატეგიას ყოველ წელს, რომ დალაგდეს პრიორიტეტები და უნივერსალურ ფორმატში, რაც საჭირო იქნება, იმაზე გაკეთდეს აქცენტები“, – ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აუცილებელია მოსახლეობის განათლება ამ მიმართულებით და სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომ ყველა დონეზე იყოს მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის დაგეგმარებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: