მთავარი,სიახლეები

ქვეყანაში დასაბრუნებელი მოწმობის ასაღებად პოლიციისთვის მიმართვა საჭირო არ არის – სააგენტო

07.11.2019
ქვეყანაში დასაბრუნებელი მოწმობის ასაღებად პოლიციისთვის მიმართვა საჭირო არ არის – სააგენტო

ახალი წესი, რომელიც ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეს ავალდებულებს პოლიციას მიმართოს და შემდეგ მოითხოვოს ახალი დოკუმენტი, არ ვრცელდება საქართველოში დასაბრუნებელ დროებით მოწმობაზე.

„თუ დასაბრუნებელ მოწმობაზე გააკეთებს განცხადებას და არ მოითხოვს პასპორტის შეცვლას, იქ ეს პროცედურები [პოლიციისთვის მიმართვა] საერთოდ არაა რელევანტური და  საერთოდ არ უქმნის არავის პრობლემას,“ – უთხრა „ბათუმელებს“  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ზურაბ სანიკიძემ.

„ბათუმელები“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბიომეტრიული პასპორტის აღების წესის შეცვლამ ემიგრანტების დაბნეულობა გამოიწვია.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა, რომელსაც მოქალაქეები ხშირად მოიხსენიებენ როგორც „თეთრ პასპორტს“, არის უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტი. ამ დოკუმენტს ხშირად იყენებენ ის ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ წლების მანძილზე არალეგალურად ცხოვრობენდა სამშობლოში დაბრუნება დეპორტის გარეშე სურთ.

ბიომეტრული პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში 1-ელი ნოემბრიდან თითოეული მოქალაქე ვალდებულია ჯერ პოლიციას მიმართოს, შემდეგ კი იუსტიციის სახლს ახალი პასპორტის მისაღებად.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ზურაბ სანიკიძე ამბობს, რომ ცვლილების მიზანი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებაა.

„სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა ასეთი ფაქტები – მოქალაქეები მომართავდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საკონსულოებს თითქოსდა მათ დაკარგეს პასპორტი. სინამდვილეში მათ არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდათ დაკარგული და შემდგომ იმ ვითომ დაკარგული დოკუმენტებით გადიოდნენ როგორც საქართველოდან, ასევე, გადაადგილდებოდნენ შენგენის ზონაში.

ეს არის მიუღებელი პრინციპი ქვეყნის მთავარი მონაპოვარის, ვიზალიბერალიზაციის ჭრილში. მთავარი არსი ამ ყველაფრის ის არის, რომ ერთ ფიზიკურ პირს ჰქონდეს ერთი სამგზავრო დოკუმენტი, ერთი პასპორტი. ეს იყო საფუძველი, რამაც განაპირობა ის, რომ საჭირო გახდა შესაბამისი ღონისძიების გატარება,“ –  ამბობს ზურაბ სანიკიძე „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, ცვლილებას ორი მიზანი აქვს, ერთი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება და მეორე, დაკარგული ან გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

„მოქალაქე რომ დაკარგავს პასპორტს ან მოპარავენ, თუ საქართველოშია, მიმართავს აქაურ სამართალდამცავ სტრუქტურას და შემდგომ ჩვენ [სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს], თუ უცხოეთშია, ჯერ სამართალდამცავ სტრუქტურებს და შემდგომ ჩვენს საკონსულოებს და საელჩოებს. ახალი პასპორტის ასაღებად უნდა წარადგინონ პოლიციისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი,“ – ამბობს ზურაბ სანიკიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.