განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-18 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, დახარჯულია 622 ათასი დოლარი 

14.09.2019 • 5442
ბათუმის მე-18 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, დახარჯულია 622 ათასი დოლარი 

„ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდის პროექტის ფარგლებში, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლა 16 სექტემბერს განახლებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე აღჭურვილობით დაიწყებს ახალ სასწავლო წელს. ფონდმა სკოლის რეაბილიტაციაზე 622 ათასი აშშ დოლარი დახარჯა.

შესაბამისი ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილია სკოლის ლაბორატორიები, რაც აუცილებელია ექსპერიმენტების ჩატარებისთვის. მოსწავლეები ქიმიაში ცდების ჩატარების დროს ჩაიცვამენ შესაბამის ტანსაცმელს, მათი უსაფრთხოება დაცული რომ  იყოს. სამუშაო ოთახში დამონტაჟდა გამწოვი სისტემები.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2519133114972797/

სამუშაო ოთახში დამონტაჟდა წყლის სისტემაც, რაც ასევე დაეხმარება მოსწავლეებს ექსპერიმენტების უსაფრთხოდ ჩატარებაში.  როგორც სკოლის დირექტორი რუსუდან დავითაძე გვიხსნის, ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სრულყოფილად იმუშაონ.

მულაჟები ბიოლოგიის გაკვეთილებისთვის

„გაკვეთილები ბევრად უფრო საინტერესო გახდება, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ სწავლა ექსპერიმენტების პარალელურად. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა და შევძლებთ გაკვეთილების ჩატარებას ლაბორატორიაში“, – გვეუბნება დონარი გეგიძე, მე-18 სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

განახლებული სპორტული დარბაზი მე-18 საჯარო სკოლაში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მისი თქმით, მოსწავლეებს მხოლოდ თეორიით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ვერ შეაყვარებ. „ახლა ბავშვი თვითონ დაინახავს რა უნდა გააკეთოს, თვითონ მოიძიებს, უშუალოდ იქნება პროცესებში ჩართული და დარწმუნებული ვარ, მათი მოტივაცია ბევრად მაღალი იქნება“, – გვეუბნება მასწავლებელი.

მასწავლებლის თქმით, ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი როგორც ქიმიისა და ფიზიკის, ასევე ბიოლოგიის გაკვეთილების საინტერესოდ ჩატარებისთვის.

ლაბორატორიაში დამონტაჟებულია წყლის სისტემები და აღჭურვილია ექსპერიმენტებისთვის საჭირო ჭურჭლით

ფონდმა სკოლას ქიმიური ექსპერიმენტებისთვის  საჭირო რეაქტორებიც შეუძინა, რომელიც დირექტორის თქმით, მინიმუმ ხუთი წელი ეყოფათ.

განახლდა როგორც სკოლის ფასადი, ასევე იატაკი, ჭერი, კომუნიკაციები, გათბობის სისტემა. ცალკე განთავსდა საქვაბე. სკოლაში თანამედროვე სტანდარტებითაა გაკეთებული სველი წერტილები. საპირფარეშოებში დამონტაჟდა ჰაერის გამწმენდი სისტემაც.

სკოლას აქვს ადაპტირებული საპირფარეშო, ადაპტირებულია სკოლის შესასვლელიც, რაც იშვიათობაა საჯარო სკოლებში.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა ფედოტოვა გვეუბნება, რომ სკოლაში ძირფესვიანი ცვლილება მოხდა და არსებულთან შედარებაც კი არ შეიძლება.

სკოლაში თანამედროვე სტანდარტებითაა გაკეთებული საპირფარეშოები

„აქამდე კათედრებს არ ჰქონდა დამოუკიდებელი ოთახი და კომპიუტერები, ახალა ყველა  პირობაა შექმნილი, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ და ვიმუშაოთ შემოქმედებითად. თუ აქამდე გვზღუდავდა ტექნიკური თუ სხვა ტიპის პრობლემები, ახლა მეტი სტიმული გვაქვს, რომ უკეთ ვიმუშაოთ“, – გვეუბნება ის.

განახლდა სკოლის სააქტო და სპორტული დარბაზებიც.  ამჟამად მიმდინარეობს სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. სკოლის შენობა და ეზო რამდენიმე ჰექტარია

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია მე-18 საჯარო სკოლაში

„ირგვება მცენარეები, გაკეთდა ღობე, დაგეგმილია სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, რომელიც აჭარის განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მოვახერხებთ ამ სამუშაოების დასრულებასაც“, – გვეუბნება დირექტორი.

მე-18 საჯარო სკოლაში თამარის დასახლებაში [ბენზე] მდებარეობს. ამ სკოლაში 1200-მდე ბავშვი სწავლობს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში საქართველოში არაერთი საჯარო სკოლა განახლდა. სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით, 54 მილიონი დოლარი დახარჯა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: