სიახლეები

რატომ მოსთხოვა რაფაელს რომის პაპმა ცნობილი ფრესკიდან ქალი წაეშალა 

12.09.2019 • 3872
რატომ მოსთხოვა რაფაელს რომის პაპმა ცნობილი ფრესკიდან ქალი წაეშალა 

XVI საუკუნის დასაწყისში რომის პაპის, იულიუს II-ს ბრძანებით, რაფაელმა ვატიკანის სასახლის მოხატვა დაიწყო.

ფრესკა – „ათენის სკოლა“ 1511 წლით თარიღდება. მასზე გამოსახულ ფილოსოფოსებს შორის არიან: პლატონი, არისტოტელე, სოკრატე, ჰერაკლიტე და სხვები.

რაფაელს, როცა მან ფრესკაზე მუშაობა დაასრულა, პაპმა ჰკითხა, თუ ვინ იყო მოაზროვნეებს შორის გამოსახული  მშვენიერი ქალი.

რაფაელმა განმარტა, რომ ეს იყო ჰიპათია ალექსანდრიელი – ათენური სკოლის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი ქალი. ფილოსოფიის პროფესორი, ასტრონომი, მათემატიკოსი და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე იმ პერიოდისთვის.

ამის მოსმენის შემდეგ პაპმა მოსთხოვა რაფაელს, რომ ჰიპათიას ფიგურა ამოეღო ფრესკიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ მოხდა…

ეს ფაქტი საინტერესოა თანმხლები გარემოების გამოც – დღეს მიიჩნევა, რომ ჰიპათია ალექსანდრიელის ქვებით ჩაქოლვა სწორედ ქრისტიანული ეკლესიის დაკვეთა იყო. 

529 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ დახურა ათენის ნეოპლატონური სკოლა და აკრძალა ანტიკური ფილოსოფიის სწავლება. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, გავლენის მქონე სფეროებმა დაიწყეს ფილოსოფოსების წარმართებად შერაცხვა და დევნა. მოაზროვნეების დიდმა ნაწილმა სპარსეთში, ხოსრო ანუშირვანის კარს შეაფარა თავი, რადგან ის აღმოსავლეთში ხელოვნებისა და ფილოსოფიის მფარველად მიიჩნეოდა.

ჰიპათიას ისტორია კი ნამდვილად შთამბეჭდავია. ის დაიბადა 370 წელს ალექსანდრიაში. გასული საუკუნის ასტრომეცნიერი კარლ სეიგანი წიგნში – „კოსმოსი“ საუბრობს ჰიპათიაზე და ამბობს, რომ იმ პერიოდში, როცა ქალებს ძალიან მწირი არჩევანი ჰქონდათ ცხოვრებაში და განიხილებოდნენ როგორც საკუთრება, ჰიპათია თამამად და თავისუფლად დააბიჯებდა მამაკაცთა გავლენებით სავსე სივრცეებში. ის მსურველებს ასწავლიდა ფილოსოფიას, ასტრონომიას, მათემატიკას. 

ასევე ჰიპათიას გამოგონებებს შორისაა: წყლის გამოსახდელი ხელსაწყო – დისტილატორი; არეომეტრი – რომლითაც ზომავენ სითხის სიმკვრივეს. 

ჰიპათიამ დახვეწა და გააუმჯობესა პტოლემეოსის შექმნილი ასტროლაბი – ხელსაწყო, რომლითაც ტელესკოპის გამოგონებამდე სარგებლობდნენ ასტრონომები ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის. 

ჰიპათიას მამა, თეონი, გამოჩენილი ფილოსოფოსი იყო, მათ ერთდროულად ეკუთვნით კომენტარები დიოფანტეს „არითმეტიკის“ შესახებ. ჰიპათიას ეკუთვნის ასევე განმარტება-კომენტარები ევკლიდეს “საწყისების” მამისეულ კომენტარებზე.

ქალი ფილოსოფოსი აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრიის სამოქალაქო ცხოვრებაში. ის დაახლოებული იყო ქალაქის პრეფექტ ორესტესთან და როგორც ამბობენ, გავლენაც ჰქონდა მასზე.

ჰიპათიას მკვლელობა

ჰიპათიას მკვლელობაში იმდროინდელ ალექსანდრიის ეპისკოპოსს კირილეს ადანაშაულებენ ისტორიკოსები. კირილეს შესახებ ვკითხულობთ, რომ მან შექმნა სახელდახელო ჯგუფი ქრისტიანებისგან, რომლებიც არბევდნენ ებრაელ მოსახლეობასა და სინაგოგებს.

ეს ღიად გააკრიტიკა ორესტესმა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ აითვალწუნა კირილემ ჰიპათიაც, მიიჩნია რა, რომ ქალის გავლენით იყო ორესტესის ეს პოზიცია ნაკარნახევი.

ჰიპათია ქრისტიანების ორგანიზებულმა ჯგუფმა ქვებით ჩაქოლა.

დღემდე კირილე წმინდანად მიიჩნევა მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში.

ჰიპათიას მკვლელობა / წყარო – Mary Evans Picture Library / Alamy

ჰიპათია ალექსანდრიელი აზროვნების ისტორიაში დღემდე კაშკაშა ფიგურაა. მისივე სახელს ატარებს 1884 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი და კრატერი მთვარეზე.

2009 წელს ალეხანდრო ამენაბარმა გადაიღო ფილმი „აგორა“, რომელიც ჰიპათიას ცხოვრებას აღწერს.

იხილეთ Ted-ის მომზადებული ვიდეო ჰიპათიას მკვლელობის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: