700 მიკროავტობუსი კონკურსზე და ლუქი კონდიციონერის ნაცვლად – მგზავრობა ბათუმში


მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას კვლავ ის 6 კომპანია აპირებს, რომლებმაც ასეთი ნებართვა [ლიცენზია] წინა კონკურსით მიიღეს, ანუ ის კომპანიები, რომელთა მიკროავტობუსებიც დღეს ემსახურებიან მგზავრებს. მერია ნებართვებს ერთი წლის ვადით გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში განაცხადის წარდგენა წელს კერძო ფიზიკურ პირებსაც შეეძლოთ, მერიაში გვითხრეს, რომ ასეთი განაცხადი არ შესულა.

ტექდათვალიერებაზე ამჯერადაც 700-მდე მიკროავტობუსია წარდგენილი. მერიის ინფორმაციით, ყოველდღიურად ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მხოლოდ 250 მიკროავტობუსი იმოძრავებს. შარშან 696 მიკროავტობუსიდან შემოწმება გაიარა და მინიმალური ზღვარი გადალახა 564-მა.

მერია კონდიციონერების სისტემის ქონას მიკროავტობუსების მფლობელებს არც ამჯერად ავალდებულებს.

„მიკროავტობუსი, რომელსაც აქვს კონდიცირების სისტემა, მიიღებს მეტ ქულას შეფასებისას, თუმცა მძღოლს ექნება ვალდებულება, რომ საჭიროების შემთხვევაში კონდიციონერი აუცილებლად ჩართოს. ამჯერად, სავალდებულოა მიკროავტობუსს ჰქონდეს მინიმუმ 4 გასაღები ფანჯარა [სამის ნაცვლად, რაც ადრე იყო] და აუცილებლად ჰქონდეს ლუქი, რაც ადრე მოთხოვნაში არ იყო“, – გვითხრეს მერიაში.

ჯერჯერობით სამარშრუტო მიკროავტობუსები მერიას არც ელექტრონული გადახდის სისტემაზე გადაჰყავს.

საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება ბათუმში, გოგოლის ქ. N1-ში (ავტოსადგურ „მეტროს“ ტერიტორიაზე) 2019 წლის 12-19 სექტემბერს.

ქალაქის სამარშრუტო ხაზებს ორი ახალი ხაზიც დაემატება – N23 და N27, რომლებზეც მიკროავტობუსები კონკურსის დასრულების შემდეგ იმოძრავებენ.

ამ თემაზე:

მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com