მთავარი,სიახლეები

მშენებლები დაჟინებით ითხოვენ ნებართვას ისტორიული სახლების დანგრევის ხარჯზე

03.09.2019 • 2781
მშენებლები დაჟინებით ითხოვენ ნებართვას ისტორიული სახლების დანგრევის ხარჯზე

მშენებლები ისევ დაჟინებით ითხოვენ ახალი სახლების მშენებლობის ნებართვას ისტორიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე. დაჟინებით ამტკიცებენ იმასაც, რომ ეს სახლები ავარიულია და საცხოვრებლად აღარ ვარგა. მოთხოვნა, ძირითადად, ისევ ქალაქის ცენტრზე მოდის, მათ შორის რამდენიმეს უკვე აქვს შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოსთან, ზოგი კი პასუხს ელოდება.

სხდომებზე მსგავსი საკითხები ხშირად უფრო ახალი პროექტების მოწონება-დაწუნების ჭრილში განიხილება და არა ამ სახლების გადარჩენის, ცენტრალური ქუჩების ისტორიული იერსახის შენარჩუნების კონტექსტში.

ბოლო სხდომაზე ზონალური საბჭოს წევრებმა დასანგრევად გამიზნულ 5 სახლზე იმსჯელეს, მათ ადგილებზე ინვესტორებს ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობა სურთ. რა გადაწყვიტა საბჭომ მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდინება, რაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 2 სექტემბერს გამართული სხდომის ოქმს მოამზადებს.

ამ საკითხებს შორის განიხილეს შპს „მინი 77“-ის წინადადება. ეს კომპანია ითხოვს მშენებლობის შეთანხმებას ბათუმში, გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში. პროექტის რენდერის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში კომპანია არამხოლოდ ამ მისამართზე მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟის დანგრევას, არამედ მიმდებარედ არსებული ერთსართულიანი შენობების ათვისებასაც გეგმავს. ზონალურ საბჭოში წარდგენილი ინფორმაციით, კომპანიას სამშენებლოდ 1016 კვადრატული მეტრი ტერიტორია აქვს გათვალისწინებული.

ბათუმი, გორგილაძის #22

შპს „მინი 77“ ამ ადგილზე მშენებლობის უფლების მოპოვებას დიდი ხანია ცდილობს. მან რამდენჯერმე მიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს ორი 10-სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვის მოთხოვნით, თუმცა საბჭომ მას უარი უთხრა. ამჯერად კომპანიამ სიმაღლე გაანახევრა და 5-სართულიანი სახლის მშენებლობის მოთხოვნით მიმართა.

შპს „მინი 77“-ის პროექტის რენდერი

დანგრევა ემუქრება ლუკა ასათიანის #8-ში მდებარე ისტორიულ სახლსაც. ისტორიული ცნობების მიხედვით, სახლი ლუკა ასათიანის #8-ში მე-19 საუკუნეში აუშენებიათ. ამ სახლში 1917 წელს ალექსანდრე თიროშვილს უცხოვრია. ალექსანდრე თიროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი იყო.

ლუკა ასათიანის #8

ინვესტორი ამ ადგილზე [360 კვადრატულ მეტრზე] შვიდსართულიანი შენობის აშენებას გეგმავს. ეს საკითხი ერთადერთი იყო, რაზედაც თავმჯდომარემ – ზაურ ახვლედიანმა საბჭოს წევრებს შესთავაზა, რომ  ამ თემაზე ორი მიმართულებით ემსჯელათ. პირველი – უნდა დაინგრეს თუ არა ეს შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ისტორიული შენობაა და პირდაპირ ძეგლს ესაზღვრება, მეორე კი მოსწონთ თუ არა წარმოდგენილი პროექტი. სხდომაზე  საბჭოს წევრებმა, ძირითადად, მაინც წარდგენილ არქიტექტურულ პროექტზე იმსჯელეს.

პროექტის ავტორმა საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების აუცილებლობა ასე ახსნა – „გაფართოება უნდათ აქ მცხოვრებლებს“. კითხვაზე – როგორ წარმოგიდგენიათ 350 კვადრატულ მეტრზე 7-სართულიანი შენობა, მან უპასუხა: „მშვენივრად წარმომიდგენია“. სხდომაზე იმყოფებოდა ასევე ერთ-ერთი მესაკუთრეც, რომელმაც თქვა, რომ სიმაღლის დაკლების შეთავაზება მშენებლისთვის სასურველი არ არის, რადგან მან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ უარი თქვას პროექტზე, რაც აქ მცხოვრებთ „არ აწყობთ“.

მესაკუთრე არსებული ორსართულიანი სახლის დანგრევას და ახალი შენობის აშენებას გეგმავს ვაჟა-ფშაველას #26-შიც. სხდომაზე პროექტი არქიტექტორმა წარადგინა. მისი თქმით, არსებული შენობა ამორტიზებულია, ამიტომაც ის უნდა დაანგრიონ და იმავე პარამეტრების ტერასული ტიპის შენობა ააშენონ, სადაც დამკვეთი სასტუმროს გახსნას გეგმავს. ზონალური საბჭოს წევრებს პროექტი მოეწონათ. მათი აზრით, კარგია მესაკუთრე მასშტაბების გაზრდას რომ აღარ ითხოვს [პროექტი სხვა მასშტაბებით ადრეც იყო ზონალურ საბჭოზე წარდგენილი].

სასტუმროს აშენებას ძეგლების დაცვის ზონაში კომპანია „ოქსოი გრუპ ბათუმი“ გეგმავს. კომპანიის მფლობელი თურქი ბიზნესმენი ეროლ აქსიოა.

ვაჟა-ფშაველას #26. ინვესტორი აპირებს მარჯვნივ მდებარე სახლის დანგრევას და მის ნაცვლად იმავე მასშტაბის სასტუმროს მშენებლობას

ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე გეგმავენ ასევე რვასართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გორგასლის #91-93-ის მიმდებარედ. ამ ქუჩაზე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ძველი განაშენიანების სიმაღლეები.

გორგასლის #31

 

გორგასლის #93

მთავარი ფოტო: გორგასლის #91-93-ში დაგეგმილი პროექტის რენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: