მთავარი,სიახლეები

ადვოკატი ძალადობის მსხვერპლ ქალს: თქვენ ხომ მეუღლე არ ყოფილხართ?

29.08.2019 • 3242
ადვოკატი ძალადობის მსხვერპლ ქალს: თქვენ ხომ მეუღლე არ ყოფილხართ?

„პოლიციაში დარეკვა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემ გვერდით ჩემი პატარა გოგო აკანკალებული იდგა, მას ეშინოდა…“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ირინა ს.-მ. ის ძალადობის მსხვერპლი ქალია და დღეს, 29 აგვისტოს, ჩვენება მისცა სასამართლოს, როგორც დაზარალებულმა. ჩვენების მიცემის დროს, რაც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, მოწმემ რამდენჯერმე ითხოვა წყალი. ის მანდატურის მიერ მიტანილ სკამზეც ჩამოჯდა, თუმცა საბოლოოდ ბრალდებულის კითხვებს ფეხზე მდგომმა და ხმამაღლა უპასუხა.

„ყველაფერი გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მე ზღვაზე ჩამოვედი. საქართველოში ვარ დაბადებული, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. საქართველოს მოქალაქეობაც მაქვს და რუსეთისაც… როცა თბილისში ავტომანქანის შესაძენად წავედი, არჩილს ჩემი ძაღლი დავუტოვე. დამპირდა, მივხედავო,“ – დაიწყო ირინა ს.-მ. მისი თქმით, იგი თავდაპირველად ბრალდებული არჩილ მ.-ს მეზობელი იყო, რომელსაც გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე შემაკავებელი ორდერის შეუსრულებლობას. ირინა ს. რუსეთში განქორწინდა და  საქართველოში მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. ირინა და არჩილი დაქორწინებული არ იყვნენ.

„შემდეგ ჩემი და არჩილის ურთიერთობა უკვე აღარ იყო მხოლოდ მეგობრობა, ჩვენ ერთმანეთს დავუახლოვდით… არჩილს სამსახური არ ჰქონდა. ამიტომ მე გადავწყვიტე, მოგვეწყო საამქრო. არჩილი დახმარებას დამპირდა… ჩვენ სულ ერთად ვიყავით.

განხეთქილება მალე დაიწყო. ის სულ ეჭვიანობდა, მეჩხუბებოდა. ერთხელ, როცა ბავშვის თანდასწრებით მეჩხუბა, კისერში ხელი წამიჭირა და ჩემ დახრჩობას ეცადა, ვუთხარი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა და აღარ ვნახავდი. მეორე დღეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი… მთხოვდა, დაიტოვე შვილიო. ისევ ვიჩხუბეთ. საბოლოოდ, აბორტი გავიკეთე და დავშორდი,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმემ.

მოწმეს შეკითხვით ბრალდებულის ადვოკატმა, პაატა შავაძემ მიმართა:

„მოწმე, რომელიც თქვენი მეზობელია, ამბობს, რომ ბავშვი მასთან იყო ოთახში. ვცდილობდი მის შექცევას, ვიდრე არჩილი და ირინა ჩხუბობდნენო. ამას როგორ განმარტავთ?“ – იკითხა ადვოკატმა.

„რას ამბობთ, ბავშვი გვიყურებდა, კანკალებდა, ისტერიკაში იყო,“ – ხმამაღლა მიმართა ადვოკატს ქალმა.

„ისტერიკა, მგონი, თქვენ დაგემართათ ახლა“, – ჩაილაპარაკა ადვოკატმა პაატა შავაძემ, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა ქალმა სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.

დამშვიდების შემდეგ დაზარალებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ კონფლიქტის შემდეგ დახმარება თვითონ სთხოვა მეზობლის ქალს, რომელმაც ბავშვი ოთახიდან გაიყვანა, ხოლო ჩხუბი გაგრძელდა.

„თქვენ ხომ არჩილის მეუღლე არ ყოფილხართ?… ვინ იყო ბიძინა, რომელიც ახსენეთ? ის შენთან რჩებოდა ღამით?“ – განაგრძო კითხვების დასმა ადვოკატმა.

„არა, არჩილი ჩემი მეუღლე არ ყოფილა. მე მასთან ცხოვრება აღარ მინდოდა,“ – მოკლედ უპასუხა ადვოკატს ირინამ.

ირინა ს.-მ მოსამართლეს ასევე მოუყვა, რომ ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ არჩილმა იგი ქუჩაში, ღამით მარტო დატოვა. „ჩემი მანქანის საჭესთან თვითონ დაჯდა და წავიდა. მე დავრჩი ქუჩაში“, – დასძინა მოწმემ.

დაზარალებული ქალის თქმით, არჩილმა მას 1500 დოლარიც წაართვა.

„არ მანებებდა თავს. ერთხელ ისე მეჩხუბა, რომ ჩემი ჩანთა ქუჩაში მოისროლა მე-18 სართულიდან…. ჩანთა მერე ვიპოვეთ, მაგრამ იქ ჩადებულ 1500 დოლარს აღარ მიბრუნებდა. მითხრა, სწორად როცა მოიქცევი, მაშინ დაგიბრუნებო, როცა დაიმსახურებო…. ვეკითხებოდი, რა არის ეს სწორი ქცევა. მერე დედაჩემს დაურეკა ჩემი ტელეფონიდან. უთხრა, რომ მე მინდა მისი დახმარება, მაგრამ მას არ უნდაო,“ – აღნიშნა ირინა ს.-მ.

„ფული რომ დაეუბრუნებინა თქვენთვის,  მაინც მიმართავდით პოლიციას?“ – ჰკითხა ადვოკატმა დაზარალებულს.

„კი, ის მეჩხუბებოდა… მე უფრო ბავშვის გამო მივმართე პოლიციას,“ – თქვა მოწმემ. მან გაიმეორა, რომ შემაკავებელი ორდერის შემდეგაც მივიდა მასთან არჩილი და ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა.

დაზარალებულად ცნობილ ქალს კითხვა ბრალდებულმაც დაუსვა. „შენ ჩემი გეშინოდა და ამიტომ დაურეკე პოლიციას?“

ირინა ს.-მ ბრალდებულს თვალებში შეხედა და უპასუხა: „არა, მე აღარ მეშინოდა. ბავშვის გამო გავაკეთე“.

სასმართლო სხდომა გრძელდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: