მთავარი,სიახლეები

ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობოს განცხადება რ2-იდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე 

21.08.2019 • 1394
ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობოს განცხადება რ2-იდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე 

ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების გათავისუფლებას. ორგანიზაციები თვლიან, რომ ამჟამინდელი მოვლენები ნეგატიურად აისახება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.

„ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების კამპანიური გათავისუფლება. „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა, უგულებელყო არხის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე გაცხადებული პირობა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად.

ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან და იზიარებენ სწორედ ის ჟურნალისტები, პროდიუსერები და თანამშრომლები, ვინც არხზე მუშაობს. კიდევ უფრო ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, კრიტიკული საავტორო გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის და არხის პოლიტიკური შოუების პროდიუსერის, გიორგი ლაფერაშვილის თანამდებობებიდან გათავისუფლება ფინანსურ მაქინაციებს დაუკავშირეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2“-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში. ასევე, აუცილებელად მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფლად უნდა მუშაობდნენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემენ.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს. სამწუხაროა, რომ ამჟამინდელი მოვლენები მკვეთრად ნეგატიურ როლს შეასრულებს ქვეყნის დემოკრატიზაციის და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიან ჩარჩოებში ჩატარების გზაზე“.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ბათუმის დემოკრატიის სკოლა და დემოკრატიის ინსტიტუტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: