მთავარი,სიახლეები

რუსეთის მოქალაქე მახინჯაურში სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს

21.08.2019
რუსეთის მოქალაქე მახინჯაურში სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს

ორი თვის წინ, 2019 წლის 24 ივნისს, დაფუძნებული კომპანია მახინჯაურში, თამარ მეფის პირველ შესახვევში, #4-გ-სა და 4დ-ში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია შენობაში სასტუმროს, აპარტამენტებს, კაფეს, რესტორანსა და საცურაო აუზსს მოაწყობს. ჯერჯერობით არ ვიცით, რა მასშტაბების მშენებლობა სურს კომპანიას და  შეთანხმების შემთხვევაში დასჭირდება თუ არა მერიას ზონის სტატუსის ცვლილებისთვის საკრებულოს კიდევ ერთი თანხმობა.

ბათუმის მერიამ კომპანიის წინადადება განიხილა და გადაწყვიტა, ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დაავალოს. შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მოამზადეს და ბათუმის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს. საკითხი უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგის ჩამონათვალში შეტანილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, მას დამატებით საკითხად, ხვალ, 22 აგვისტოს, დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ.

განკარგულების პროექტში წერია ისიც, რომ კომპანია არანაკლებ 14-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და 200-მდე მოქალაქეს დააფუძნებს. მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს და 2023 წელს უნდა დასრულდეს.

შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“, რომელიც მახინჯაურში მშენებლობის უფლების მოპოვებას ცდილობს,  რუსეთის მოქალქე ოლეგ მალიშევმა დააფუძნა და კომპანიის ასივე პროცენტი მას ეკუთვნის, რუსეთის მოქალაქეა კომპანიის დირექტორი ალექსანდრ ჩერედნიჩენკოც.

მშენებლობა მახინჯაურის გამწვანებულ ტერიტორიაზე ორ საკადასტრო ერთეულზეა დაგეგმილი. მართალია, სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორია ზღვიდან ოდნავ მოშორებითაა, თუმცა აქ აშენებულ მაღლივ შენობას მახინჯაურის პლაჟისა და ზღვის ხედი ექნება.

სამშენებლოდ გამიზნული ორი საკადასტრო ნაკვეთი ჯამში 5000-მდე კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს და არც ერთი მათგანი ამ დროისთვის კომპანიის ან მისი დამფუძნებლის საკუთრებაში დარეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთი ნაკვეთის მესაკუთრედ ელვირა შნელცერი, მეორე ნაკვეთის მესაკუთრედ კი – თამარ ბოლქვაძე ფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: