მთავარი,სიახლეები

რუსეთმა 8 აგვისტოს აფეთქების შემდეგ რადიაციაზე ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტა

20.08.2019
რუსეთმა 8 აგვისტოს აფეთქების შემდეგ რადიაციაზე ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტა

არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში მდებარე ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს ბირთული აფეთქება მოხდა. ოფიციალური რუსეთი აფეთქებიდან მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რადიაციამ მხოლოდ 2-ჯერ მოიმატა, რაც, მათი განმარტებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ დრომდე კი ოფიციალური რუსეთი რადიაციის დონის, გაგვრცელების მარშრუტების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს, რასაც სახიფათოდ მიიჩნევს ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლესინა ზერბო – ინფორმაციას სააგენტო BBC ავრცელებს.

Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ზერბომ განაცხადა, რომ რადიაციის მონიტორინგის ცენტრების, დუბნასა და კიროვის დუმილი   შემაშფოთებელია ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციისთვის. სადგურები დუბნასა და კიროვში აფეთქების ადგილთან, სევეროდვინსკთან მდებარე ყველაზე ახლო ატომური სადგურებია.

გამოცემასთან საუბრისას ზერბო აღნიშნავს, რომ პროცესებზე დამკვირვებლებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, არ გავრცელდეს დამატებითი ცნობები აფეთქებისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ.

ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლესინა ზერბო  ტვიტერზე აქვეყნებს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბლის სავარაუდო გავრცელების მარშრუტსაც, სადაც მთელი კავკასიაა მოქცეული, მათ შორის საქართველო.

აფეთქებას არხანგელსკში 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის – ექსპერიმენტალური ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ.

წყარო: BBC

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.