მთავარი,სიახლეები

რა როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი საიბერპანკის მიხედვით 

10.08.2019 • 2907
რა როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი საიბერპანკის მიხედვით 

ავტორი: მარიამ მუთიძე

საიბერპანკი/კიბერპანკი არის ფანტასტიკის ქვეჟანრი და მას დღეს განმარტავენ, როგორც მიმდინარეობას, რომელიც აღწერს კაცობრიობის ცხოვრებას მომავალში, სადაც ტექნოლოგია აღწევს განვითარების პიკს, ხოლო ადამიანის ცხოვრების პირობები (ეკოლოგიური, სოციალური) პირიქით – დეგრადირდება.

თავად ტერმინი კიბერნეტიკის და პანკის ნაზავია. ის პირველად ამერიკელმა მწერალმა ბრიუს ბეთკემ გამოიყენა თავისი მოთხრობის სათაურად – „საიბერპანკი“, რომელიც გამოქვეყნდა 1983 წელს.

ანა დონდუა – საიბერპანკის მოყვარული:

“საიბერპანკის პერსპექტივა უმეტეს შემთხვევაში გადმოსცემს მომავლის იმ რეალობას, სადაც ადამიანმა ერთის მხრივ შეძლო უმაღლესი ტექნოლოგიური განვითარების მიღწევა, თუმცა მეორეს მხრივ პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო, ვერ შეძლო დედამიწის რესურსების მოფრთხილება და საზოგადოებრივი თანასწორობის უზრუნველყოფა. ამის შედეგად, ძირითადად ხდება საზოგადოების რადიკალური ფრაგმენტაცია მდიდარ და ღარიბ კლასებად, რაც მეტად ამძაფრებს გადარჩენისთვის ბრძოლას კლასებს შორის“.

ანა დონდუა

ლიტერატურაში საიბერპანკის განვითარების ეპოქა ემთხვევა 1960-70-იან წლებში „ახალი ტალღის“ გაჩენას სამეცნიერო ფანტასტიკაში.

დავით ლომია – საიბერპანკის მოყვარული:

“მეოცე საუკუნის დასაწყისის ფანტასტებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კაცობრიობის ხსნას ტექნოლოგიურ განვითარებაში ხედავდნენ, შემდეგი თაობების მწერლებმა საკუთარ თავზე განიცადეს ეს განვითარება. თუმცა, როგორც ჩანს, ხსნის პერსპექტივა ნაკლებად იგრძნეს. საიბერპანკი აწმყოა, რომელშიც დრონებით გადაჭედილი ცის ქვეშ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, უმეგობრდებიან და შორდებიან ისე, რომ ერთმანეთი არასოდეს უნახავთ.”

პოპულარულ გამოცემებში საიბერპანკის განვითარების ხაზი იწყება 1968 წელს ფილიპ დიკის წიგნის გამოქვეყნებით – „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ 

ანა დონდუა – საიბერპანკის მოყვარული:

“შეუძლებელია არ გიყვარდეს ფილიპ კ. დიკის „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ ეს ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია, რომლითაც საიბერპანკის სუბჟანრთან ჩემი გაცნობა დაიწყო, მისი წაკითხვის შემდეგ ვნახე ამ ნაწარმოებზე დაფუძნებით გადაღებული „სამართებელზე მორბენალი“. ჩემი აზრით, ნაწარმოებიც და ფილმიც არის ყველა დროის კლასიკა.”

წიგნში მოთხრობილი სიუჟეტი ვითარდება დედამიწაზე, სადაც ომების შემდეგ სრულიად ნადგურდება ბუნებრივი საფარი, ცა მოცულია წყვდიადით, ადამიანების უმეტესობა კი სხვა პლანეტის კოლონიებში არიან გადასახლებულები. ამასთან, ჩანს საწარმო „ტაილერ კორპორეიშენი“, რომელიც ქმნის ადამიანების მსგავს ანდროიდებს. ისინი ადამიანებზე ძლიერები და ჭკვიანები არიან, თუმცა  ექსპლუატაციის ვადები არ აძლევთ საშუალებას განივითარონ თანაგანცდის, სიყვარულისა და ადამიანისათვის დამახასიათებელი სხვა უნარები.

საიბერპანკის ვიზუალური ესთეტიკის საწყისებიც ფილიპ დიკის ამავე წიგნის ეკრანიზაციას უკავშირდება. 1982 წელს რიდლი სკოტმა გადაიღო ფილმი „სამართებლის პირზე მორბენალი“ – ანდროიდები და მათზე მონადირე რიკ დეკარდი ცხოვრობენ ნეონის შუქით განათებულ, მაღალი კორპუსებითა და უვარსკვლავო ცით დახურულ დედამიწაზე. ფილმში 2019 წლის მოვლენებია ნაწინასწარმეტყველევი . რიდლი სკოტის ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა, რადგან რეჟისორმა გადაწყვიტა კადრებში მოქმედება არა ცენტრში, არამედ პერიფერიებში განევითარებინა. იმ პერიოდში კი მხოლოდ კვადრატული ტელევიზორები არსებობდა. ასე რომ სამყარომ Blade Runner გაიცნო ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად და დღეისთვის კინომოყვარულებისთვის საკულტო ფილმების რიცხვშია.

2017 წელს გამოვიდა  Blade Runner-ის გაგრძელება Blade Runner  2049 რომლის რეჟისორიც დენი ვილნევია.

ანა დონდუა – საიბერპანკის მოყვარული:

ჩემთვის საინტერესო და მიმზიდველია საიბერპანკის ესთეტიკა, მაღალტექნოლოგიური გაჯეტები, კოსმოპოლიტური ქალაქები, რეკლამებით და ხალხით გადატვირთული ქუჩები, უტილიტარული და თამამი ტანსაცმელი.

კადრი ფილმიდან “სამართებელზე მორბენალი 2049”

დავით ლომია – საიბერპანკის მოყვარული:

“ჩვენ არ გვყავს მფრინავი მანქანები, მაგრამ გვაქვს მასობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი ათასგვარი გაჯეტი და კომუნიკაციის საშუალება, რომელთა შესაძლებლობები სცდება იმ რესურსებს, რომელიც ადამიანს მთვარეზე ფეხის დასადგამად დასჭირდა. ამის მიუხედავად, არსებულ შესაძლებლობებს განვითარების ნაცვლად ყურადღების გადატანაში, სწრაფი მოგების და წამიერი სიამოვნების მიღებაში ვიყენებთ. ყოველ შემთხვევაში, საიბერპანკის მსოფლმხედველობა ამ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი.” 

დავით ლომია

ანა დონდუა – საიბერპანკის მოყვარული:

“ვთვლი, რომ ადამიანებს კიდევ გააჩნიათ იმის რესურსი, რომ საიბერპანკი მომავლის რეალობად არ აქციონ. თუმცა, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება საიბერპანკ ნაწარმოებებსა და დღევანდელ მოვლენებთან.“

როგორი იქნება მომავალი, ამჟამად ამის მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია. მაგრამ ის კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საიბერპანკს და ფანტასტიკის სხვა ჟანრებს მუდმივად ექნებათ არსებობის გამართლება, რათა მუდმივად დაგვაფიქრონ რა და როგორ იქნება მომავალში.

გადაბეჭდვის წესი