„ბათუმში ზამთარში დენი იქნება, თუმცა ავარიებიც არ გამოირიცხება“


 

ბოლო თვეების განმავლობაში ბათუმის რიგ უბნებში პერიოდულად ითიშება ელექტროენერგია. ზოგჯერ თითქმის მთელი ქალაქი რჩება დენის გარეშე, რის გამოც მოსახლეობაში გაჩნდა შიში, რომ ზამთარში ამ მხრივ სერიოზული პრობლემები იქნება. რამდენად გამართულია ქალაქის ელექტროსისტემა, რა მიზეზით ითიშება შუქი და რამდენადაა დაზღვეული მოსახლეობა ზამთარში უშუქობისგან  – „ბათუმელების“ შეკითხვებს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის დირექტორმა კახა ქიტესაშვილმა უპასუხა.

 

ბატონო კახა, რა მიზეზების გამო ითიშება ბათუმის რიგ უბნებში ელექტროენერგია?


როცა მთლიანად ქალაქს ეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება, ეს არ არის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული ქსელის პრობლემა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო დიდ სისტემურ ავარიასთან. რაც შეეხება ლოკალურ შეზღუდვებს, არის ასეთებიც, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ოპერატიულად მოვახდინოთ რეაგირება და დროულად ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები.


 ქალაქში აშენდა/შენდება მრავალსართულიანი კორპუსები/სასტუმროები… არსებული ელექტროქსელი და მოწყობილობები უძლებს თუ არა დატვირთვას? ამ სამუშაოების გამოც ხომ არ იქმნება ლოკალური პრობლემები უბნებში დენის მიწოდების მხრივ?


გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ძალიან სწრაფად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ანუ გვაქვს ბევრი ახალი მიერთება ბათუმში და სწორედ იმ მიზნით, რომ ახალი აბონენტების ელექტროენერგიით დაკმაყოფილება მოხდეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასობით ათასი ლარის ინვესტირებას ახორციელებს. 


ქალაქის ელექტროგადამცემი ხაზები რა მდგომარეობაშია, იგივე ტრანსფორმატორები; ბათუმის რომელ უბნებშია ქსელი ყველაზე უფრო გაუმართავი/ამორტიზებული, თუ ერთნაირი მდგომარეობაა ამ კუთხით მთელ ქალაქში?


ქალაქში ელექტროქსელი სრულად ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა, ავარიულ სიტუაციებში კომპანია ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებს. არის გეგმიური შეზღუდვებიც, როცა გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. ეს სამუშაოები აუცილებელია ქსელის მდგრადობისთვის. ასევე შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვიოს ახალმა მიერთებამ, ანუ როცა ახალი აბონენტისთვის დენის მიწოდება ხდება, უსაფრთხოების მიზნით იზღუდება აბონენტების ნაწილი.


რა ვალდებულებები ჰქონდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფოს წინაშე აღებული კონკრეტულად ქალაქ ბათუმთან მიმართებაში, რა შესრულდა და რა არ ან ვერ შესრულდა ამ დროისთვის? რა სამუშაოებია დარჩენილი?


„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფოს მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. ქალაქების მიხედვით ვალდებულებები გაწერილი არ ყოფილა.

 

 და ბოლოს, მოსახლეობაში გაჩნდა შიში იმისა, რომ ზამთარში პრობლემები იქნება ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდების მხრივ. რას ეტყოდით თქვენს აბონენტებს – იქნება თუ არა უწყვეტი დენი ბათუმში?

 

 

ელექტროენერგიით მომარაგება უწყვეტად მოხდება, მაგრამ არ გამოირიცხება ავარიული შემთხვევები, ასეთ სიტუაციებში კომპანია მაქსიმალურად ოპერატიულად იმოქმედებს.



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე