სიახლეები

წამების კადრები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი

11.11.2015 • 1611
წამების კადრები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი

 

ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება ახლა, როცა უკვე ცნობილია მსგავსი კადრების არსებობის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია თქვენი აზრით?

 

თამარ გურჩიანი
თამარ გურჩიანი

ვფიქრობ, არანაირი ინფორმაციული ღირებულება ამ კადრებს ახლა არა აქვთ. ასე წამების მსხვერპლები პრაქტიკულად ხელახალ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ექვემდებარებიან, ოღონდ ახლა მთელი სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან. როგორც კი ამ ადამიანების ტკივილისა და ტანჯვის ინსტრუმენტალიზაცია მოახდინა სახელმწიფომ, მათი ტკივილი და ტანჯვა, დარწმუნებული ვარ, გაასმაგდა და შეუძლებელია ნებისმიერმა სახელმწიფომ ამაზე უფრო ცინიკური პასუხი გასცეს წამებას.

 

ხელისუფლება ამბობს, რომ მას არ მიუძღვის წვლილი ამ კადრების გავრცელებაში. ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მათი გავრცელება?

 

ეს ცალსახად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ეს საგამოძიებო მასალებია, რომელიც, მათივე განმარტებით, იმიტომ არ განადგურდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულება იყო. ვინ არის პასუხისმგებელი მტკიცებულებების შენახვაზე – სახელმწიფო თუ კერძო ჯგუფები?! ამიტომ, ცალსახად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ამ კადრების გავრცელება. ეს რომ იყოს საბოტაჟი კერძო ჯგუფების მხრიდან, მაშინ ხელისუფლების რიტორიკა იქნებოდა სრულიად სხვანაირი და არა შურისძიების ტონით გამსჭვალული. ეს კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, მას ჰქონდა შურისძიების ტონი, ის არ ნანობდა ამ კადრების გავრცელების ფაქტს და იყენებდა ამას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. მხოლოდ ეს ტონია საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ წამების კადრების გავრცელება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

 

ქვეყნის პრემიერის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ მადლობა უნდა მოიხადოს, რომ ხალხმა იგივე არ გაუკეთა, რაც ამ ვიდეოში ხდება“. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობის წახალისება?

 

 აბსოლუტურად. ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო, შოკისმომგვრელი და მიუღებელი განცხადება. ჩემი აზრით, ეს განცხადება ცალსახად უნდა დაგმოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რადგან თუ ეს შეცდომა არ იქნება ახლა რაღაცნაირად გამოსწორებული და უკან არ დაიხევენ, მაშინ პრაქტიკულად გამოდის, რომ პრემიერმა ერთი ჯგუფი დაუპირისპირა მეორე ჯგუფს. ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა აკეთებდეს ქვეყნის მეთაური, ეს წარმოუდგენელია.

 

 ამ კადრების ხელახალ გავრცელებას მეორე დღესვე მოჰყვა ორგანიზებული შეტევა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორების პროცესის გაგრძელება?

 

 მე ვფიქრობ, როგორც „რუსთავი 2“-ის დავის შემთხვევაში ხელისუფლების პასუხი იყო ის, რომ ეს არის დავა კერძო პირებს შორის, ზუსტად ამავე პოლიტიკას გაატარებს ასეთი ტიპის ძალადობასთან დაკავშირებითაც ხელისუფლება. ანუ კერძო სიბრტყეზე გადმოიტანს ამ ძალადობას, იტყვის, რომ მე არაფერ შუაში ვარ, არსებობს ბრაზი და აღშფოთება და ის იმდენად დიდია, რომ მართვადი არ არის ჩემი მხრიდან. ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ძალადობა არის საჯარო საკითხი, როგორც კი ძალადობა გახდება კერძო, მისი მართვა ხელისუფლებას გაუჭირდება. თავიდან შეიძლება ამ უმართაობით მცირე პოლიტიკური მოგება მიიღოს, მაგრამ საბოლოოდ ეს თავად ამ ხელისუფლებასაც შეიწირავს, რადგან როგორც კი ძალადობის მართვა არ ხდება და მისი გამოყენება იწყება პოლიტიკურ იარაღად, ეს პროცესი აუცილებლად კატასტროფით მთავრდება და ამ ხელისუფლებას ეს უნდა ესმოდეს.

 

უცნაურია, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანია არ არის მათთის კარგი გაკვეთილი. წინა მთავრობა უამრავ მეთოდს იყენებდა პოლიტიკური ოპონენტების დასათრგუნად, ეს მეთოდები პირდაპირიც იყო, ირიბიც, მაგრამ ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც პასუხი გასცა მათ.

 

პოლიტიკური ოპონენტების დევნა არის არასწორი, ადამიანების ღირსებით და სიცოცხლით მანიპულირება არის არასწორი, თუ ეს პროცესი სხვა რელსებზე არ გადავიდა, მაშინ წინასაარჩევნო კამპანია იქნება სრულიად ველური და ეს აუცილებლად გამოიღებს იმავე შედეგს, რა შედეგიც 2012 წელს დადგა, რომ მიუხედავად ძალაუფლების ქონისა და სამთავრობო რესურსისა, ხალხი მაინც არ ირჩევს იმას, ვინც ძალადობს.

 

 როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესები საზოგადოებაზე, რომელიც უკვე მერამდენედ უყურებს წამების კადრებს. ხომ არ მოხდება ისე, რომ, უბრალოდ, შევეჩვევით სადისტური სცენების ყურებას?


 ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება უკვე შეჩვეულია ამას, სამწუხაროდ. წამების კადრების გავრცელებას არ ექნებოდა არანაირი მნიშვნელობა, მას აუდიტორია რომ არ ჰყავდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, მოწმეები ვართ ამ წამების, ყველა ჩვენგანი ჩართულია წამების პროცესში მოწმის სახით და ეს გამოუსწორებელ ზიანს გვაყენებს როგორც პიროვნულად, ასევე ზიანს აყენებს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ უკვე აღარ ვიცით, როგორც საზოგადოებას, რა მორალური კომპასი გვაქვს, საერთოდ სანამდე შეგვიძლია ამ დამცირების ატანა. ერთია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ მივიღეთ დიდი დარტყმა, რადგან ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ წამებაში ჩართული და ასევე ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ წამების მსხვერპლი, მეორე არის ის, რომ ამ ყველაფრის მოწმე და თვითმხილველი გავხდით და ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ვერ მოვთხოვეთ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც დაქირავებული გვყავს, რომ სათანადოდ გააკეთოს ამ ყველაფერზე რეაგირება, რომ მსხვერპლთა რეაბილიტაციაც მოხდეს და დამნაშავეების დასჯაც.

 

 ხელისუფლება წამების კადრებზე საუბრისას მიუთითებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე. ამის პარალელურად ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დღემდე არსებითი არაფერი გაკეთებულა დამნაშავეების დასასჯელად და არც წამების მსხვეპლთა რეაბილიტაციისთვის. რაზე მიუთითებს ეს თქვენი აზრით?

 

 ცალსახაა, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც მაშინ ჩართული იყო წამებაში ან თვალს ხუჭავდა ამაზე. ეს ხალხი წინა მთავრობის რიგებში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ასევე, ყველა, ვინც მანიპულირებს წამების თემით, ყველა, ვინც გვპირდებოდა და არ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია და მოძალადეთა დასჯა მომხდარიყო, ისინიც პასუხს აგებენ. უკვე დიდი დროა გასული 2012 წლის სექტემბრის მერე, როცა ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ გავიგეთ და უკვე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, პასუხიმგებლობას იზიარებს „ქართული ოცნებაც“, ჩემი აზრით.

 

აჭარაში სახელისუფლებო გუნდი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ამ კადრების სოციალურ ქსელებში გავრცელების პრობლემას ვერ ხედავს. განათლების მინისტრის მოადგილემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „ფეისბუქზე“ ამ კადრების გავრცელებით მას არ დაურღვევია არავის უფლება და არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც კრძალავს ამას. თქვენი აზრით, რამდენად დასაშვებია, ამ კადრების გავრცელებაში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები?

 

 ეს ელემენტარული პროფესიული ეთიკის საკითხია. ეთიკური ადამიანი ამაში არ უნდა მონაწილეობდეს. ადამიანმა საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას, არის თუ არა ის ადამიანი ადამიანი, რომელსაც აწამებდნენ, და თუ ამ კითხვაზე დადებით პასუხს მიიღებს, მაშინ მეორე კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს: წამება არის თუ არა ადამიანისთვის ადამიანობის წართმევა, დეჰუმანიზაცია და ამაზეც დადებით პასუხს რომ მიიღებს, მერე მიხვდება, რომ ყველა ნახვით, ყველა გაზიარებით, ის ამ ადამიანის ხელახალ დეჰუმანიზაციას ახდენს, ადამიანობას ართმევს. ამის უფლება არავის აქვს. რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო მაღალი უნდა იყოს პასუხისმგებლობა და პროფესიული ეთიკური სტანდარტები. ცალსახაა, რომ არავითარ შემთხვევაში ეს ხალხი ამას არ უნდა აკეთებდეს.

სამწუხაროდ. წამება ახლა არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ეს სამარცხვინოა, ძალიან მტკივნეული და მძიმე პოლიტიკური წელი გველის წინ, ჩემი აზრით.


 

გადაბეჭდვის წესი