„ბათუმელების“ ინფორმაციით, 27 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, ქობულეთში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააყაჩაღეს. ჩვენივე ინფორმაციით, თავმდამსხმელებმა დაახლოებით 15 ათასი ლარი გაიტაცეს და მიიმალნენ. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ეს ქობულეთში უკვე ზედიზედ მეორე ყაჩაღობის ფაქტია ბოლო ორი დღის განმავლობაში. 26 ოქტომბერს საღამოს, ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს და 300 ლარამდე თანხა გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ბრალდებულის სახით ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.
სავალუტო ჯიხური ქობულეთის რკინიგზის სადგურში მდებარეობს, სადაც არაერთი ვიდეოთვალია დამონტაჟებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.