მთავარი,სიახლეები

ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც ბათუმში ფილმის კადრებს გამოყვა

02.08.2019 • 1887
ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც ბათუმში ფილმის კადრებს გამოყვა

70 წლის ფრანგი ფოტოგრაფი, არტურ ტევენარი წელს ბათუმში სტუმრად ნორმან ფოსტერის ფილმის გავლენით ჩამოვიდა: „ Journey into Fear“ – 1943 წელს გადაღებულ ამ ფილმში, მთავარი გმირი სტამბოლიდან გემით 40-იანი წლების ბათუმში ხვდება, ამერიკული ფილმისთვის  ბათუმის სანაპიროს კადრები კინოპავიოლიონშია გადაღებული, მაგრამ მაშინდელი ბათუმის ძალიან რეალური ანალოგია.

არტურ ტევენარმა ეს ფილმი ახალგაზრდობაში ნახა და მას შემდეგ გადაწყვიტა აუცილებლად ემოგზაურა ბათუმსა და სტამბოლში.

„ახლა, როცა ძველი ბათუმის რეალურ კადრებს ვათვალიერებ, დაახლოებით ვხვდები როგორ გადაიღეს 40-იანი წლების ამერიკის  კინოპავილიონში  შორეულ ქალაქს, ბათუმს მიმსგავსებული ვიდეოკადრები“, – ამბობს არტურ ტევენარი.

ამჯერად ის სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურას იღებს, მათ შორის საქართველოშიც. ძირითადად საბჭოთა წარსულის ნანგრევები აინტერესებს: ძველი ქარხანა-ფაბრიკები, კურორტები და საცხოვრებელი სახლები. ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევის სიმბოლოდ შემორჩა არქიტექტურაში.

„მაინტერესებს საბჭოთა არქიტექტურის ნანგრევები. ადამიანები, რომლებიც ამ ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდნენ ახლაც ცოცხლები არიან, მოხუცები. სისტემა კი, რომელშიც მთელი ცხოვრება გაატარეს – დაინგრა. ეს მოხუცები იხდიდნენ გადასახადებს, მუშაობდნენ, დაინგრა სსრკ და არავინ იცის, სად წავიდა მათი შრომა. ახლა ბევრ მათგანს ქუჩის კუთხეებში ვხედავ საქართველოში, ხელგამოწვდილს და გამათხოვრებულს. არავის უნდა შიოდეს, მაგრამ გამათხოვრებული მოხუცები და ბავშვები განსაკუთრებით მძიმე სანახავია“, – ამბობს არტურ ტევენარი.

ფოტოგრაფმა საქართველოში  2007, 2015 წელსაც იმოგზაურა და წელსაც ჩამოვიდა. საქართველოსა და სომხეთში გადაღებული კადრები გააერთიანა და ფოტოსერიას ,,საბჭოთა კავშირის ნანგრევები“ დაარქვა. კადრებზე ჩანს საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნების ნაშთები და ფოტოებს საბჭოთა კინოდოკუმენტალისტის, რეჟისორ ძიგა ვერტოვის ფილმებიდან ნაწყვეტები ცვლის, რომლებშიც ჩანს, როგორ მუშაობდნენ ადამიანები ოდესღაც შენობებში.

,,საბჭოთა კავშირი ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის უცხო ფენომენია, მხოლოდ წიგნებიდან და ფილმებიდან ცნობილი, ამიტომაც მაინტერესებს ყველაფერი მის შესახებ და ვმოგზაურობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, – ამბობს ფოტოგრაფი.

სხვადასხვა წლებში გადაიღო რუსთავი, ზესტაფონი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა, წყალტუბო, გორი და დავითგარეჯი.

კახეთი, თელავი, 2007 წელი/ფოტო:არტურ ტევენარი

არტურ ტევენარი თავიდან მოდის ფოტოგრაფი იყო, მერე პორტრეტებზე გადაერთო და ფრანგ მწერლებს იღებდა.

2007 წელს, როცა პირველად საქართველოში ჩამოვიდა ქართველ მეგობართან ერთად, ფოტოგამოფენაც მოაწყო თბილისში.

„მას შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, თითქოს ქვეყანა ვითარდება, კაპიტალიზმის გავლენა სულ უფრო და უფრო იგრძნობა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რაც ირგვლივ შენდება, მხოლოდ ტურისტებისთვისაა. არ ვიცით რას მოიტანს ეს კაპიტალიზმი, არ ვიცი ეს ცუდია, თუ კარგი“, – ამბობს ფრანგი ფოტოგრაფი.

ჯავახეთი, 2007 წელი/ფოტო:არტურ ტევენარი

აბასთუმანი, 2015 წელი/ფოტო:არტურ ტევენარი

აბასთუმანი, 2015 წელი/ფოტო:არტურ ტევენარი

კახეთი, 2015 წელი/ფოტო: არტურ ტევენარი

გადაბეჭდვის წესი