„უნდა აშენდეს“ – ასეთია საქართველოს პარლამენტის წევრის, სვეტლანა კუდბას პოზიცია „რივიერა ბათუმის“ პროექტზე, რომლის თანახმადაც ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი თაუერის მშენებლობა იგეგმება.
„… იმიტომ, რომ მაქ იყო მშენებლობა და ასლან აბაშიძის დროს დაინგრა, უნდა აშენებულიყო სხვა, ამიტომ ეს პროექტი ახალი არ არის არც ბათუმისთვის და არც მოსახლეობისთვის. იმ შემთხვევაშიც მასშტაბური იგეგმებოდა, ბატონი ასლანი არ ააშენებდა ქოხებს. მე ბატონ ასლანს კი არ ვუსვამ ხაზს, ხაზს ვუსვამ, რომ ეს მოსახლეობისთვის ახალი არ არის. იქ იყო მშენებლობა დაგეგმილი და შემდეგ იცით, რაც მოხდა“, – ამბობს დეპუტატი.
კითხვის დასმისას გამოყენებული ფორმულირება „ამ პროექტს მოსახლეობა აქციებით ეწინააღმდეგებოდა“, სვეტლანა კუდბამ შეგვისწორა: „მოსახლეობა არა, ნაწილი მოსახლეობისა.“
კოლეგას ეთანხმება კიდევ ერთი დეპუტატი აჭარიდან ფატი ხალვაში:
„… ეს სიახლე არ არის, მაქ ტრამპთაუერი უნდა აშენებულიყო. ჩვენ ვიცით, რომ მაქ მასშტაბური სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენებულიყო. ასე რომ, ეს მოულოდნელი არ არის. მე გაეროს დაფინანსებული კვლევა არ მინახავს, ალბათ ექსპერტები ამ ყველაფერს გაანალიზებენ. ჩვენ ინვესტიციების წინააღმდეგი ვერ ვიქნებით იმიტომ, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომლებიც ქვეყანაში ჩაიდება და აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს. ამას შემოაქვს ფინანსური რესურსიც. ასე რომ, როცა ექსპერტების დასაბუთებული დასკვნები იქნება, არანაირად წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით მივესალმები განაშენიანებას“, – გვითხრა ფატი ხალვაშმა. რომელიც ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში.
ინფორმაცია აქვს, მაგრამ იმდენად სრული არა, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს, დაახლოებით ასეთი იყო დეპუტატ ლევან [ნუკრი] ბეჟანიძის პასუხი:
„ჯერ მე თვითონაც არ ჩამოვყალიბებულვარ, გარკვევის სტადიაში ვარ. არ მაქვს სრული ინფორმაცია. რამდენად დიდი სარგებელი ექნება ამ პროექტს ქალაქისთვის ეს მაინტერესებს, რადგანაც ქალაქის იერსახე იცვლება სერიოზულად. ამიტომაც ვამბობ, რომ სერიოზული ჩამოყალიბება მჭირდება მე თვითონ“.
საქართველოს პარლამენტის წევრი ილია ნაკაშიძე ამბობს, რომ „რივერა ბათუმის“ პროექტზე მხოლოდ ის იცის, რაც პრესითა და ტელევიზიით გაიგო, არც პროექტის მასშტაბებზე აქვს ინფორმაცია. ის მიიჩნევს, რომ თუ ტექნიკური რეგულაციები დაცული იქნება, პროექტს პრობლემები არ უნდა შეექმნას:
„ეს სპეციალისტების საქმეა. ჩემი პირადი აზრია, რომ ის ზოლი ღრმად შესწავლილი უნდა გქონდეს, რომ რაღაც დასკვნებზე ისაუბრო. მე საკითხებს ყოველთვის ძალიან პრაგმატულად ვუდგები. არ მინდა ზედაპირული ავტორიტეტი მქონდეს. თუ საუბარია, რომ ეს არის ძველი ბათუმის ტერიტორია, დღეს იქ გარდა შუქურისა არაფერი ისეთი არ არის. მე ძალიან მომწონს მაღლივი შენობები და ვფიქრობ, რომ საქართველოში, რომელიც მცირემიწიანია, სჯობს აქცენტი გავაკეთოთ სიმაღლეზე. იმის გათვალისწინებით, რომ მაქ [გულისხმობს რივიერა-ბათუმის ტერიტორიას] არცერთი ისტორიული შენობა არ დგას. ვიცით, რომ თანამდეროვე ქალაქები, როგორიც არის დუბაი, მანჰეტენი – ძალიან უხდება მაღლივი შენობები თუ იქნება დაცული ტექნიკური რეგულაციები და მანძილი შენობებს შორის… თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვიცი კონკრეტულად რაზეა საუბარი “.
დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე კი, როგორც თვითონ გვითხრა, პროექტს საერთოდ არ იცნობს: „უცხოეთში ვიყავი და არ მაქვს ინფორმაცია, უნდა მაპატიოთ“, – გვითხრა მან.
რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
დაგეგმილი პროექტი ხუთი ცათამჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, მოლაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი მაღალმა შენობებმა არ უნდა ჩაკეტოს, შესაბამისიად, არ უნდა დაიკარგოს ზღვის სივრცე, ჰაერის გადანაწილების შესაძლებლობა და ხედი.
პროექტის მოწინააღმდეგეების აზრით, ეს მშენებლობა მთლიანად შეცვლის ისტორიული ბათუმის იერ-სახეს. შესაბამისად, ის ტურისტებისათვისაც ნაკლებად მიმზიდველი გახდება.
აქციაზე პროექტის საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.
პროექტს მიესალმება ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.
ამავე თემაზე:
გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა