სიახლეები

რექტორი და სტუდენტები ახალი ვალდებულებების შესახებ

09.11.2015
რექტორი და სტუდენტები ახალი ვალდებულებების შესახებ

 

მერაბ ხალვაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი: აქამდე არსებული წესით, სტუდენტი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო ჯგუფში მუშაობის მხოლოდ მესამედში. თუ იყო 15 თემა, აქედან ხუთი თემა რომ მოემზადებინა სტუდენტს, მას შეეძლო უმაღლესი შეფასება მიეღო. ანუ საერთო მასალის მესამედში შეეძლო უმაღლესი ქულის მიღება. ამიტომ ეს სისტემა მოვშალეთ და ვთქვით, რომ სტუდენტი აქტიური უნდა იყოს ყველა მეცადინეობაზე, ვალდებულია ყველა თემა მოამზადოს. ეს თემები არის ჯგუფში სამუშაო და, ბუნებრივია, პროცესში სტუდენტი ჩართული უნდა იყოს. რაც შეეხება ლექციებზე დასწრებას, აქ საუბარია არა საერთო მეცადინეობის 50 პროცენტზე, არამედ მხოლოდ სალექციო მუშაობის 50 პროცენტზე. 5 კრედიტში არის 15 ლექცია და 30 ჯგუფში მუშაობა. სულ 45 საათი. ჩვენ ვეუბნებით სტუდენტს, რომ 45 საათიდან რვა შეხვედრაზე უნდა მოვიდეს, სალექციო 15-დან – რვაზე. ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ და დასწრების პრობლემა ექმნებათ, ხელს შევუწყობთ. დეკანებს ვთხოვე, რომ ასეთი სტუდენტების სია შეადგინონ და მათთვის საკონსულტაციო რეჟიმს დავაწესებთ.

მაია ებრალიძე, სტუდენტი: მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, რადგან სწრებადობა ყოველთვის არ განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნას. შეიძლება რაღაც პრობლემის გამო ლექციაზე ვერ მივიდე, მაგრამ შემდეგ ვიმუშაო და ავინაზღაურო, ახლა კი „არა“- ების გამო შეიძლება გამოცდაზე ვერ გავიდე და აკადემიური წელი ჩამივარდეს. უნივერსიტეტმა სტუდენტს ყველაფერში უნდა შეუწყოს ხელი. არის ისეთი ლექციებიც, რომლებიც ნაკლებად საინტერესოა და შეიძლება მოვადუნო ყურადღება, მაგრამ ეს ცვლილებები ლექციების ხარისხს არ შეცვლის. სტუდენტს თუ სწავლა უნდა, მაინც ისწავლის და დამატებითი სანქციები და ვალდებულებები, ვფიქრობ, არ არის საჭირო.

 

ბექა მაკარაძე, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე: პირადად ჩემთვის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მისაღებია, რადგან ყოველთვის ყველა სემინარზე მომზადებული მივდივარ. თუმცა, არიან სტუდენტები, რომლებიც ვერ ახერხებენ ლექციებზე დასწრებას. სტუდენტი იმიტომ სწავლობს ამა თუ იმ საგანს, რომ მისი მომავალი პროფესიისთვის არის აუცილებელი. თუ ლექციაზე არ დაესწრება, როგორ ისწავლის. თუმცა, ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ ეს არის საპილოტე პროგრამა და ადმინისტრაცია გაითვალისწინებს სტუდენტების აზრს. თუ არ გაამართლებს, შეცვლის გადაწყვეტილებას.

ინგა აშლარბა, სტუდენტი: არ ვეთანხმები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – სტუდენტს ყველა ლექციაზე დასწრება არ შეუძლია. მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ოჯახური, ასევე ჯანმრთელობასთან ან სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები. არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ ამის გამო სტუდენტს გაუფუჭდეს ნიშანი. შეიძლება ყველა ლექციას არ დავესწრო, მაგრამ შემაჯამებელში მაღალი ქულა მივიღო. ლექციებზე დასწრება ყოველთვის კარგად სწავლას არ ნიშნავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: