სიახლეები

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულის განაჩენი

17.10.2015
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულის განაჩენი

 

პროკურორმა გიორგი რამიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულთან შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა ამ დრომდე მოლაპარაკება იმიტომ არ დაწყებულა, რომ ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა.

 

მოსამართლემ ბრალდებულს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ყოველთვის არ არის გამოსავალი, ამიტომაც სასამართლო პროცესი არ გადადო და საქმე არსებითად განიხილა.

 

ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ბრალდებულმა 29 ივლისს იძალადა ოჯახის წევრზე – არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურად შეურაცხყო ცოლი, მას მუცლის, სახისა და ხელის არეში სცემა. პროკურორის შეფასებით დაირღვა ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რადგან ძალადობა სწორედ ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალმა ცემის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რამაც გამოიწვია ტკივილი, მაგრამ ამ ქმედებას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, ამიტომაც ქმედება შეფასდა როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაული.

 

სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს ჰქონდა წარდგენილი, ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ჯარიმას და ასევე პატიმრობას. ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ “ტაქსაობით” ირჩენს თავს, მარტოხელაა, ამიტომაც ითხოვა მისთვის მართვის მოწმობა არ ჩამოერთმია.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პირობით გაათავისუფლა. ერთი წლის განმავლობაში ბრალდებული ვალდებულია პერიოდულად გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში.

ის ადრე ნასამართლევია.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს უკან დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა – ორი ათასი ლარი, რომელიც მისი პატიმრობაში ყოფნის დროს ნათესავებმა გირაოს სახით გადაიხადეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.