სიახლეები

ნათია ზოიძე: ფორსმაჟორულად თანხის გამოყოფა აჩენს ეჭვებს კორუფციაზე

03.11.2015 • 1516
ნათია ზოიძე: ფორსმაჟორულად თანხის გამოყოფა აჩენს ეჭვებს კორუფციაზე

 

350 ათასი ლარი დაიხარჯა ბათუმობის დღესასწაულზე. მომავალ წელსაც იგივე თანხა შეიძლება დაიხარჯოს. რაც ვნახეთ – ბათუმობის დღესასწაულის მსგავს ღონისძიებაში 350 ათასი ლარის დახარჯვა რამდენად ეფექტურია?

ფული რამდენად ეფექტურად იხარჯებოდა, ეს ჩანს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშითაც. ჯერ 9 თვის შესრულების ანგარიში არ გვაქვს, მაგრამ გავეცანი 6 თვის შესრულების ანგარიშს და ამის მიხედვით, ბათუმის მერიამ ვერ აითვისა საკმაოდ ბევრი თანხა – ბიუჯეტი 80%-ით შეასრულეს. ამას აქვს გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, ერთ-ერთი მიზეზი კი არის პროგრამების დაგეგმვა: ისეთი დღესასწაული, როგორიც არის ბათუმობა, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად, ან ახალი წელი, არ შეიძლბა იყოს დაუგეგმავი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქმა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გააჩინა ბათუმობის დღესასწაული და ვიცით, რომ ის იქნება შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, არ შეიძლება ბათუმის საკრებულომ ამ ღონისძიებებისთვის თანხა დააზუსტოს 6 დღით ადრე.

 

წლევანდელ მაგალითზე ვამბობ – ერთი კვირის შუალედში დამტკიცდა ბათუმობის დღესასწაულისთვის გამოყოფილი თანხა. კარგად მახსოვს, თავის დროზე არც უმრავლესობას მოეწონა ბიუჯეტში წარმოდგენილი ცვლილებები, რამდენიმე წევრი ფიქრობდა კიდეც, რომ არ მიეცა ხმა იმ ცვლილებებისთვის, მაგრამ შემდგომ პოლიტიკოსებმა მიმართეს სხვადასხვა ხრიკს და მაინც დაუჭირა მხარი საკრებულომ ამ პროექტს. ეს მოხდა აგვისტოში – ბათუმობისთვის ჯამში 350 ათასი ლარი გამოიყო. როდესაც ხუთი დღით ადრე გამოიყოფა თანხა, ხომ უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც ჩაატარებს ამ ღონისძიებას? – ანუ ფორსმაჟორში ჩაიარა პროცესმა.

 

სოციალურ ქსელში ბევრი ბათუმელის, ბევრი სტუმრის კომენტარი წავიკითხე იმის შესახებ, რომ ისინი უფრო ბევრს მოელოდნენ, ვიდრე იყო ბათუმობაზე. 350 ათასი ლარის ძალიან არაეფექტურად ხარჯვის მომსწრენი გავხდით – არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა ბათუმობაზე: მე, პირადად, ისიც კი არ მეგონა საერთოდ თუ მოესწრებოდა. 2 დღით ადრე 350 ათასი ლარი როგორ უნდა დახარჯო უკეთესად?

 

ბოლო წლებია სულ გვესმის მსგავსი პოლიტიკის კრიტიკა, მაგრამ ამის მიუხედავად მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელები არჩევენ ფული მაინც ფორსმაჟორში დახარჯონ. ეს რისი მაჩვენებელია?

სამწუხაროდ, ასეა. პროგრამების პრეზენტაციაზე ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ამაზე არ აქვთ ნამუშევარი. მათი პრეზენტაციები არის შეჯიბრი წაკითხვაში. მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისგან, ფაქტობრივად, ერთხელაც არ მომისმენია კონკრეტულ პროგრამაში გაწერილი ციფრი რა მსჯელობის შედეგად მიიღეს. მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროგრამების პრეზენტაციას რუკებიც კი არ ახლავს, დავუშვათ რომელი ქუჩის რომელი მონაკვეთი უნდა გაკეთდეს. არც ერთ პროგრამას არ ახლავს კვლევა.

 

ამიტომაც გვაქვს, მაგალითად, ტურისტულ სეზონზე ამდენი დაუგეგმავი პროექტი, იგივე რეკლამის ფესტივალი ავიღოთ. ამ ფესტივალზე ბათუმმა დაახლეობით 406 ათასი ლარი დახარჯა. ფესტივალი 23 სექტემბერს იყო დაგეგმილი, ხოლო საკრებულომ აგვისტოს ბოლოს გადაწყვიტა თანხის გამოყოფა ფესტივალისთვის.

 

ასევე  ჰიტ სეზონი, რომლისთვისაც დაუგეგმავად 3,4 მილიონი ლარი გამოიყო. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის კორექტირება შესაძლებელია, მაგრამ ბუჯეტის შედგენის დროს, პირობითად, რამდენიმე ათასი ლარი გაითვალისწინო და შემდეგ  დაუგეგმავი შემოსავლების ხარჯზე მილიონები ხარჯო ფოსმაჟორში, ამას რა შეიძლება უწოდო?- მინიმუმ არაეფექტური ხარჯვა.

ანგარიშის გაცნობის შემდეგ ვნახავთ, რა შედეგი გამოიღო ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩატარებულმა ფესტივალმა ბათუმისთვის. საერთოდ არანაირი გათვლა, სტრატეგია არ არსებობს, თუ რას მოიტანს მსგავსი ფესტივალები. განმარტებითი ბარათიც კი ძალიან ზოგადი იყო, არაფერი ეწერა შედეგზე – რას გაზრდის, როგორ გაზრდის… მე ამ ფესტივალს არ დავსწრებივარ, შესაძლოა ძალიან კარგიც იყო, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – ფორსმაჟორში დაგეგმილი ღონისძიება ვერ გამოიღებს რეალურ შედეგს.

 

 

რატომ ხდება ასე – კვალიფიკაციის დეფიციტი გვაქვს, თუ სხვა რამე მიზეზიც არსებობს?

მოთხოვნა არ არის. ბიუჯეტში კვლევებისთვის თანხა არასდროს არ არის  გამოყოფილი, ეს  ყოველთვის ზედაპირულ საქმედ მიაჩნიათ. რეალურად კი, კვლევების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

 

იგივე სოციალურ სახლზე ვიტყვი, აქაც იგივე პრობლემა გვაქვს – პროექტი მიზნობრივ პროგრამებში ისე ჩასვეს, რომ არავის დაუდგენია საჭიროება, ბათუმის მოსახლეობას სჭირდება წმინდა წყლის სოციალური სახლი თუ სჭირდება იაფი სახლი.

 

დღეს ბათუმის ვიცე-მერმა, ალექსანდრე მითაიშვილმა თქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში რეკლამის ფესტივალისთვის ფული არ არის ჩადებული, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გაისად შეიცვალოს ბიუჯეტი და გაჩნდეს საჭირო თანხა. ანუ შეიძლება მომავალშიც ფორსმაჟორულად გამოიყოს და დაიხარჯოს, მაგალითად, 400 ათასი ლარი. ეს რას ნიშნავს?

ფორსმაჟორულად თანხის გამოყოფა აჩენს ეჭვებს კორუფციასთან მიმართებაში – რატომ უნდა გამოიყოს ფორსმაჟორულად? თუკი ჩვენ დავადგინეთ, რომ რეკლამის ფესტივალმა წელს მოგვცა შედეგი, რატომ არ უნდა გაკეთდეს ის მომავალში? თუ ისიც ვერ დავადგინეთ, როგორი ეფექტი მოგვცა – ცუდი თუ კარგი, მაშინ რატომ უნდა ჩატარდეს? სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიყავთ პროცესი, არ აცხადებენ ტენდერებს, გამარტივებული შესყიდვის ფორმას იყენებენ… ამიტომაც გვაქვს მოუმზადებელი ფესტივალები და ბათუმობის დღესასწაულები.

 

სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე მინდა გკითხოთ – წელს გამოყოფლი იყო 120 ათასი ლარი. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა თავად სტუდენტებისთვის – პროგრამის ხელმძღვანელს უნივერსიტეტიდან ნათქვამი აქვს, რომ კარგი იქნება, თუ სტუდენტებს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მიეცემა პროგრამის ფარგლებში, თუმცა ეს ასე არ ხდება.

სტუდენტური დასაქმების პროგრამა შეიძლება იდეაში კარგი პროგრამაა, მაგრამ ცუდად განხორციელებული პროგრამა ვერ მოიტანს ეფექტს. მე კარგად მახსოვს, ადრეც იყო ასეთი პრაქტიკა, როდესაც არჩევნების წინ, 3 თვით ასაქმებდნენ სტუდენტებს და აძლევდნენ 200-200 ლარს, მაგრამ რეალურად მათ იყენებდნენ როგორც აგიტატორებს. ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა სტუდენტური პროგრამების შესახებ უნდა იყოს ამ პროგრამების დახვეწისკენ მიმართული. ჩემი აზრით, ეს პროგრამები არის ძალიან საჭირო, მაგრამ ცუდად განხორციელებული პროგრამებით  ეფექტს ვერ მივიღებთ.

 

ახალ ბიუჯეტში თქვენს ყველაზე დიდ კრიტიკას რა იწვევს?

სოციალური სახლის პროგრამა, რომელზეც ბევრი ვიმუშავე. უცნობია როგორ აპირებენ იმ 80 ოჯახის შერჩევას, ვინც შეიძლება იყოს პროგრამის სამიზნე კატეგორია. არ ჩაუტარებიათ კვლევა, რაც აჩენს კორუფციის მექანიზმს. პროგრამის ამ ფორმით განხორციელებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სამშენებლო ბიზნესს, რომელთა სეგმენტი  საშუალო და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები არიან. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ პროგრამების წერისას არ აკეთებენ ანალიზს – წინა წლის ანალიზსაც კი. უბრალოდ, ბიუჯეტიდან ბიუჯეტში გადადის ციფრები.

 

ერთადერთი, არჩევნების პერიოდის პრაქტიკამ რაც გვიჩვენა, საარჩევნო წელში იზრდება, მაგალითად, სოციალური პროგრამების დაფინანსება. ამ წესს ვერც წელს ღალატობს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი.

 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ადგილობრივი თვითმმართველობა. ფაქტობრივად, არ არსებობს ინიციატივები თვითმმართველობებში. ვერასოდეს მოვისმინე, რომ, ვთქვათ, რაღაც პროგრამამ არ გამართლა და მას ვცვლით სხვა პროგრამით. მიზნობრივმა პროგრამამ რაღაც პრობლემა ხომ უნდა შეამციროს? – მაგრამ ჩვენ ანგარიშებში ვერ ვისმენთ პროგრამების მიერ შემცირებულ პრობლემებზე, შესაბამისად, ვერც პროგრამების სხვა მიმართულებით ტრანსფორმირებაზე. ფაქტობრივად, 10 წელია ერთი და იმავე შინარსის მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს ბათუმის მერია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: