სიახლეები

თეა წულუკიანი: მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს

09.10.2015 • • 1636
თეა წულუკიანი: მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს

 

„მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს. ჩვენ გვინდა, პოლიცია უფრო მეტად გაძლიერდეს და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას, რადგან მოსამართლის ლოდინში დრო გადის, რაც უნდა პროფესიონალი და მოწადინებული იყოს სასამართლო. ამიტომ პოლიციას რეალური ბერკეტი უნდა შევძინოთ იმისათვის, რომ მსხვერპლი, ქალია იგი თუ კაცი, დაცული იყოს“− განაცხადა შეხვედრაზე თეა წულუკიანმა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, რომლებიც 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა.  „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენცია 2011 წლიდან მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2014 წელს შეუერთდა.

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები. ამის შემდეგ გადაისინჯა შესაბამისი კანონპროექტები და 2015 წლის 4 აგვისტოს ხელახლა წარედგინა – სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, კერძო სამართლის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განსახილველად რეგიონებში საჯარო დისკუსიები და კონსულტაციები ჩატარებულიყო.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსში შევა ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია პარტნიორის, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

ასევე, თუ მოქმედი კანონმდებლობით პოლიციის ოფიცრის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ დამტკიცებას მოითხოვს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლო ჩართულობა ამ საკითხში საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში. 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტამბულის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს.

„ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტის შესახებ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და კერძო სამართლის საბჭოს წევრების, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებული მხარის კომენტარების დიდი ნაწილი ასახულ იქნება კანონპროექტების საბოლოო ვარიანტებში, რომლებიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში სარატიფიკაციო დოკუმენტთან ერთად ჯერ მთავრობას, ხოლო შემდეგ პარლამენტს წარედგინება.

 

გადაბეჭდვის წესი