სიახლეები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე

11.11.2015 • 1416
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე

 

ბატონო ლაშა, რა გეგმები გაქვთ ახალი ამპლუიდან, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს?


ლაშა სირაბიძე
ლაშა სირაბიძე

ორშაბათიდან კონკრეტულ სფეროში კურაციას დაგვავალებს თავმჯდომარე მოადგილეებს და ამის შემდეგ მექნება პასუხი გეგმებთან დაკავშირებით. გეგმები ბევრი გვაქვს, ასე რომ უფრო მეტად გავვაქტიურდებით. გამომდინარე იქედან, რომ ინფრასტრუქტურული კომისია მებარა, კარგი იქნება, ამ სფეროს თუ ჩამაბარებენ ისევ, მაგრამ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს თავმჯდომარე. მოადგილის კურაციის სფეროში შედის როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი. ბოლო დროს სპორტის სფერო, მაგალითად, ჩვენი მოჭიდავეები, დაგვრჩა უყურადღებოდ. კურაციის გადანაწილების შემდეგ უფრო მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ. 

 

„რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი მოადგილის შტატის დამატება არ იყო საჭირო ბათუმის საკრებულოში. სამსჯელო თემად იქცა ისიც, თუ ვინ იქნება პირველი მოადგილე. მოახერხეთ ურთიერთობის შენარჩუნება თქვენს კოლეგა ირაკლი ჩავლეიშვილთან?

 

ჩავლეიშვილმა სხდომაზეც აღნიშნა, რომ ეს ჩვენს ურთიერთობებს არ გაამძაფრებს, პირიქით – ჩვენი ურთიერთობა იქნება უფრო მჭიდრო. ამის შემდეგ ჩვენ ერთად დავსახავთ მოქმედების გეგმებს.


 დარჩებით თუ არა „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ? – ამბობდნენ, რომ საკრებულოში თანამდებობა სწორედ ამ ადგილის დათმობის სანაცვლოდ მიიღეთ, რადგან ქალაქის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს სურს, უმაღლესი საბჭოს მომავალ არჩევნებში კოალიციის სიაში პირველ ნომრად რომ ჩაეწეროს…

 

საკრებულოში მეორე მოადგილის თანამდებობის დამატება 2014 წლის აგვისტოდან იყო შესაძლებელი, მაშინ ამის საჭიროებას ვერ ვხედავდით. თუ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ვეღარ მხედავდნენ მომავალში და ამიტომ მივიღე სარგებელი, მოადგილეობის სახით… იმედია, დამეთანხმებით, რომ ამის პრობლემა არ არსებობდა.

 

და ახლა განიხილება ბათუმში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის შეცვლის საკითხი?


პარტიას აქვს თავისი ხედვა რეგიონულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, პარტია გამართავს კონფერენციებს საქართველოს მასშტაბით და ამ კონფერენციების შემდეგ მივიღებთ სურათს, თუ რა ხედვა აქვს პარტიას. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ თავმჯდომარე არ ვიქნები, ვიქნები სხვა ხელმძღვანელ პოსტზე, საიდანაც პარტიულ მუშაობას გავაგრძელებ.

 

 ბიუჯეტის ცხრა თვის ანგარიშის მიხედვით, ის ისევ ვერ შესრულდა, ამ სფეროს თქვენ კურირებდით საკრებულოში. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს მერია მილიონობით ლარის ათვისებას, მაშინ როცა ამდენი ქუჩაა მოსაწესრიგებელი?


ტენდერები არის მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, ცენტრალიზებულად უნდა გადაიხედოს ეს პრობლემა. მე არ ვამბობ, რომ პირდაპირი წესით უნდა იყოს კონკრეტულ კომპანიებზე გადაცემული ეს სამუშაოები, მაგრამ არის ნიუანსები, რაზეც ალბათ საკანონმდებლო დონეზეც შესაძლებელია მსჯელობა. ხელშეკრულების შეუსრულებლობა ქმნის დიდ პრობლემებს. კომპანიები ვადაში ვერ ასრულებენ სამუშაოებს, ამიტომ პრობლემები ძირითადად ინფრასტრუქტურულ ნაწილშია.

 

როგორც პარტიის ხელმძღვანელს რეგიონში, მინდა გკითხოთ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც…


ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან, ჩემი აზრით, არავინ არ აპირებს ვინმეს სიტყვის თავისუფლების უფლება ჩამოართვას. მედია თავისუფალია. მე ვფიქრობ, თავისუფალ „რუსთავი 2“-ს ვიხილავთ ნებისმიერ შემთხვევაში.

 

გადაბეჭდვის წესი