სიახლეები

ახალი ბიუჯეტი ძველი პროექტებით – 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია მერიაში

02.11.2015
ახალი ბიუჯეტი ძველი პროექტებით – 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია მერიაში
2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია საკრებულოში

პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათი შეფასებით,  მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ  პროექტებში სიახლე არ არის და მხოლოდ არსებული პროექტების გაგრძელება იგეგმება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, აქვს თუ არა ქალაქს  ერთიანი ხედვა, რაც ვერ მოვისმინეთ. ქალაქს აკლია გეგმიური განვითარება, სტრატეგია, თუ საით მიდის ქალაქი,“- ამბობს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავა.

მისი აზრით,  პრეზენტაციის მიხედვით, სიახლეები არ არის დაგეგმილი და მხოლოდ არსებულის გაგრძელებაზე კეთდება აქცენტი:

„გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა რაიმე სიახლე თუნდაც შემოერთებული ტერიტორიების განვითარებისთვის, რაც არ ყოფილა წარმოდგენილი. იქ არსებული პრობლემები კვლავ პრობლემებად რჩება.

ერთადერთ სიახლედ შეიძლება განვიხილოთ მუნიციპალური  სახლების  მშენებლობა, თუმცა ეს პროექტებიც წელს დაიწყო  და  პროექტის სამიზნე ჯგუფიც კი არ არის ჩამოყალიბებული“.

პრეზენტაციაზე კითხვები დაისვა საჯარო შენობების, მათ შორის მერიის ადმინისტრაციული შენობის ადაპტირების თაობაზე. მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ადმინისტრაციული შენობის ადაპტირება შშმ პირებისთვის ვერც მომავალი წლისთვის მოხერხდება.

„მერიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ამ შენობაზე ვერ ხერხდება პანდუსის გაკეთება და ზოგადად, მისი ადაპტირება, თუმცა ეს არ არის გამოსავალი, მერიამ უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ საკრებულოს სხდომებზე შშმ პირებმა დასწრება შეძლონ. თუ ამ შენობის ადაპტირება არ ხერხდება, მაშინ საკრებულოს სხდომები უნდა ჩატარდეს ადაპტირებულ გარემოში,“- ამბობს ნათია აფხაზავა.

კიდევ ერთი შენიშვნა შეეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის საკითხს.

საფინანსო ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის თქმით, მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციისთვის არის თანხა გათვალისწინებული ბიუჯეტში, რომლის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

„თვითმმართველობას ექნება მონაცემები თუ რამდენი ძეგლია ქალაქში, რა მდგომარეობაში და ის ძეგლები რომელთა რეაბილიტაცია გადაუდებელია, საწყის ეტაპზე მათი პროექტირება  მოხდება,“- ამბობს არჩილ ვანაძე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციის საორიენტაციო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარია, რაც, არჩილ ვანაძის თქმით, შესაძლოა შეიცვალოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: