Batumelebi | ”იაფი სახლის” კრიტერიუმების შესამუშავებლად მერიას ექვსი თვე აქვს ”იაფი სახლის” კრიტერიუმების შესამუშავებლად მერიას ექვსი თვე აქვს – Batumelebi
RU | GE  

”იაფი სახლის” კრიტერიუმების შესამუშავებლად მერიას ექვსი თვე აქვს

 

“იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დასადგენად სპეციალური კომისიის შექმნის ბრძანებას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ხელი 6 ივლისს მოაწერა. კრიტერიუმების დამდგენი კომისია ბრძანებაზე ხელის მოწერიდან ექვსი თვის შემდეგ, – ხუთ ნოემბერს შეიკრიბა. რაზე იმსჯელა და რა ვადა განისაზღვრა “იაფი სახლის” მოსარგებლეთა საბოლოო კრიტერიუმების დასადგენად? – “ბათუმელებს” საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე ესაუბრა, რომელიც კრიტერიუმების დამდგენი კომისიის თავმჯდომარეა. “იაფი სახლის” მშენებლობაზე ტენდერი უკვე დასრულდა. სატენდერო თანხა 4 279 990 ლარია.

 

 ბატონო თამაზ, რა იყო კომისიის პირველი შეხვედრის მიზანი, რაზე იმსჯელეთ? 


თამაზ თურმანიძე
თამაზ თურმანიძე

კომისია 5 ნოემბერს შეიკრიბა და იმ პროექტის პრეზენტაცია შედგა, რისი აშენებაც იგეგმება. შემდეგ კი მერიის საფინანსო და ეკონომიკურ სამსახურებს პირველადი კრიტერიუმების მომზადება დაევალა. როცა პირველადი კრიტერიუმები მომზადდება, გასაცნობად გადაეგზავნება კომისიის ყველა წევრს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუკი ექნებათ შენიშვნები ან დამატებები – გავითვალისწინებთ. 


რა ვადა აქვთ საფინანსო და ეკონომიკურ სამსახურებს კრიტერიუმების შესამუშავებლად?


15 დღის ვადა აქვთ მერიის სამსახურებს. ამის შემდეგ პირველად მონაცემებს გადმოგვიგზავნიან ჩვენ. ჩვენს კომისიას და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც 15 დღე ექნებათ იმისათვის, რომ ამ დოკუმენტს გაეცნონ. ამის შემდეგ, კომისია მეორედ შეიკრიბება.


სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა გასულ წელს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაცია საკრებულოში იყო. თუ აპირებთ ამ სოციოლოგიური კვლევების გამოყენებას “იაფი სახლის” ბენეფიციართა კრიტერიუმების შესამუშავებლად?

 

შენიშვნების სახით, რა თქმა უნდა, ჩაემატება ეს კვლევებიც და ის გამოკითხვებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს გაკეთდა. კომისიის ყველა წევრი გაითვალისწინებს კვლევის შედეგებს.

 

კომისია რამდენი წევრისგან შედგება და რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან?


25 წევრია კომისიაში, შედიან როგორც მერიისა და საკრებულოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველ შეხვედრას მხოლოდ 15 წევრი ესწრებოდა. გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე დასწრება თავისუფალია და ყველას შეუძლია მოსვლა.


რატომ არ ესწრებოდნენ დანარჩენი წევრები?


სხვადასხვა მიზეზით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის სხდომებს ყველა წევრი ესწრებოდეს, რათა ამან შემდგომში არ გამოიწვიოს გაუგებრობები. 


2016 წლიდან რეალურად რა სახის დოკუმენტი იქნება ხელშესახები?


დღევანდელი დღის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტი შემუშავებული. 


 მოქალაქეებს როდიდან შეეძლებათ მერიას მიმართონ ამ სახლში ბინის შესაძენად?


როცა დაიდება კრიტერიუმები, კომისია მიიღებს ყველა იმ მოქალაქის განცხადებას, რომელსაც აღნიშნული კრიტერიუმები მიესადაგება.



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე