მთავარი,სიახლეები

ბრალდებულების ახლობლები სასამართლოსთან ბადრაგის მანქანას არ ატარებენ

19.07.2019 • 1660
ბრალდებულების ახლობლები სასამართლოსთან ბადრაგის მანქანას არ ატარებენ

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ ბრალდებულების ახლობლები. სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა იმართება იმ პირების საქმეზე, რომლებმაც გამოძიების ვერსიით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში იჩხუბეს ამ წლის მარტის თვეში. ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

გამოძიების ვერსიით,  საავადმყოფოს ეზოში იჩხუბა რამდენიმე პირმა. ბრალდების თანახმად, მათ შორის ერთ-ერთ პირს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღო. მოგვიანებით ეს პირი, გიორგი ტ. გირაოს საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე. ის პირები კი, რომლებიც ხელით ჩხუბობდნენ, დღემდე პატიმრობაში რჩებიან.

ერთ-ერთმა დაკავებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის მოჭიდავეა: „მოჭიდავე ვარ და თავს ვიცავდი. თითო დარტყმა გავუკეთე ერთსაც და მეორესაც… ჩვენ ქურდული სამყაროს წევრებისგან ვიცავდით თავს… ბატონო პროკურორო“.

სწორედ ამ დაკავებულების ახლობლები მართავენ ახლა საპროტესტო აქციას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.

საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს, ადვოკატების თქმით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულების ახლობლები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, შეხვედრას ითხოვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან.

სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია.

აქცია სასამართლოსთან. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

აქცია სასამართლოსთან. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

ამავე თემაზე: 

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: