ზვიად რატიანი თბილისის აქციებზე: მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები


პოეტი ზვიად რატიანი საქართველოში 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე აქციებს ეხმიანება. ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ზვიად რატიანი ამბობს, რომ ეს თაობა გააკეთებს იმას, რაც ვერ შეძლო წინა თაობამ:

„ეს უკვე სხვა თაობაა, გაიზარდნენ ჩვენი შვილები, გაიზარდნენ და არიან ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები, ჩვენზე სუფთები, არ არიან საბჭოიდები, არ ახსოვთ და კიდიათ მაგრად ის საბჭოთა კავშირი, არც ის ბნელი და საშინელი 90-იანი წლები არ ახსოვთ და თუ ახსოვთ, ძალიან ბუნდოვნად. ამათ წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუფლება არის სრულიად გაკოტრებული, იმათ იციან ბოროტება, იმათ იციან საშინელებების კეთება, მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებენ.

თვითონ ის ფორმები, რა ფორმებითაც ეს დემონსტრაციები ტარდება, არის არაჩვეულებრივი. არა ისე, როგორც ჩვენ ვატარებდით, როცა მათი ტოლები ვიყავით, ტანჯვით და ჭინთვით, არა. 7 საათზე მოსვლა, საღამოს დაშლა, ძალების გამოზოგვა, ეს მოწესრიგებულობა და რაც მთავარია, ხალისი. კი არ იტანჯებიან, ხალისობენ, ლამაზები არიან, მღერიან, უხარიათ ერთმანეთი და უყვართ ერთმანეთი. ამის წინააღმდეგ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა და მითუმეტეს ასეთი ჩანჩურა ხელისუფლება, დღეს რომ ჰყავს. გახარიაც წავა და ყველანი მიყვებიან ზედ და გაცილებით მალე, ვიდრე ახლა გვეჩვენება.

სამწუხაროდ ჩემმა თაობამ და ჩემზე უფროსებმაც და უმცროსებმაც, ბევრი ვერაფერი შევძელით და ამ სირცხვილის მოწმენდა და ამ ნაგვის გატანა შევატოვეთ ჩვენს შვილებს. თუმცა ეს ლოგიკურიც არის, ახალი ადამიანები და სხვანაირი ადამიანები თუ შეძლებენ ამის გაკეთებას.

ეს ახალგაზრდები, როგორც რამდენიმე წლის წინ მზიურს და შემოგარენს ალაგებდნენ და წმენდდნენ და როგორც დღეს აქციის შემდეგ, პლასტიკური პაკეტებით მიდიან და იქაურობას ალაგებენ, ისე გადაწმენდენ ამ ჭრილობას, ისე დასპირტავენ და გაუკეთებენ სტერილიზაციას. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და გაცილებით მალე, ვიდრე ახლა გვგონია, ვიდრე ჩანს.

მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები, გაიზარდნენ. არ უნდოდათ, ეკიდათ პოლიტიკა და უმეტესობამ სულ არ იცოდა ალბათ გახარიას სახელი რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ აიძულეს და ჯინი ამოიხმეს ბოთლიდან. ყველაფერი იქნება მაგრად, ძალიან მიყვარხართ, ჩემო შვილებო.“ – ამბობს ზვიად რატიანი.

____________________

პოეტი ზვიად რატიანი ამჟამად ევროპაში ცხოვრობს. ის გასული წლის 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა, პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. რატიანის თქმით, პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა.

რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-დან გამოითხოვა და ახალი ამბების გამოშვებაში უჩვენა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო თავისი პლატფორმიდან წაშალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com