მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა

02.07.2019
ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა

აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ინიციატივების რაოდენობა შემცირდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2017-2018 წლებში უშუალოდ ფრაქციების და ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო 2014-2016 წლების საკვლევ პერიოდთან შედარებით. 2014-2016 წლებში 35 ფრაქცია ფუნქციონირებდა, ხოლო 2017-2018 წლებში – 29, შემცირდა ინიციატივების რაოდენობაც – 38-დან 33-მდე.

  • საანგარიშო პერიოდში ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის საკრებულოებში რეგისტრირებულ 16 ფრაქციას არც ერთი ინიციატივა არ წარუდგენია.
  • ბათუმის საკრებულოში წარდგენილია 25 ინიციატივა
  • ქედის საკრებულოში – 6
  • ქობულეთის საკრებულოში – 2

წარდგენილი 33 ინიციატივიდან, 14 ოპოზიციურ ფრაქციებს ეკუთვნოდა. ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივების გაზიარების სტატისტიკური მაჩვენებელი დაბალია – ოპოზიციური ფრაქციის ინიციატივას მხარი მხოლოდ ქედის საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.

„ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობის კლება განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, 2017 წლის დეკემბრიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობაც ანაზღაურებადი თანამდებობა გახდა. ცვლილების ინიციატორი კანონმდებლების ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ ახალი თანამდებობის დაწესებას ფრაქციების გააქტიურება და ეფექტიანობის ზრდა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა როგორც წინამდებარე კვლევამ აჩვენა, ეს მოლოდინი არ გამართლდა,“ – აღნიშნულია კვლევაში.

2017-2018 წლების საკვლევი პერიოდის განმავლობაში ფრაქციების თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) სახელფასო ანაზღაურებაზე ჯამში 1, 394, 635. 23 ლარია დახარჯული.

„უარყოფითად შეიძლება შეფასდეს ის გარემოებაც, რომ წარდგენილი ინიციატივების უმრავლესობა ეხება არა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის კონტროლის გაძლიერების მოთხოვნას, არამედ უმეტესწილად ადმინისტრაციული დატვირთვის საკითხებზეა ფოკუსირებული.

ამასთან, ძალიან დაბალია საკრებულოების მოქმედი უმრავლესობების მიერ ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივების გაზიარების მაჩვენებელი. ასეთი ტენდენცია არასასურველ გარემოს ქმნის ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად და პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის შესაქმნელად.

მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს თვითმმართველობისათვის. ის ორიენტირებული უნდა იყოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე. ფრაქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად, ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად და მოქალაქეთა პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.“ – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციებში.

_______

ფოტოზე: ბიუროს სხდომა ხულოს საკრებულოში. ფოტო: ფეისბუქგვერდი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: