მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმში გაიმართება ევროპის ღია ტურნირი სუმოში

01.07.2019
ბათუმში გაიმართება ევროპის ღია ტურნირი სუმოში

6 ივლისს ბათუმში, სპორტის ახალ სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით,  სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი – KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება.  აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუმოს აქტიური  ფედერაცია.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ  პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და იტალის სუმოს ფედერაციები, ასევე, ქართველი სპორტსმენები.

„საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია ევროპიდან პირველი სუმოისტია, რომელმაც იაპონიაში 12 წელი იასპარეზა და სუმოს ელიტაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მას მთელი იაპონია და ევროპა საასპარეზო სახელით KOKKAI – თი იცნობს, რაც თავის მხრივ ითარგმნება, როგორც შავი ზღვა. სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ ტურნირი იმართება ბათუმში, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას,“ – ვკითხულობთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

6 ივლისს ტურნირი დილის 10:00 საათზე დაიწყება და საღამოს 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ტურნირის ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციას ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციისგან აქვს შემოთავაზება, მომავალ წელს საქართველო ჩაჯდეს სარეიტინგო სიაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ყოველ წელს, ევროპის მასშტაბით, ყველა აქტიური სპორტსმენი ჩამოვა საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე, ხოლო 2021 წელს დაგეგმილი სუმოს ევროპის ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, ჩატარდება საქართველოში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.