მთავარი,სიახლეები

მშენებლობებთან დაბზარული და ჩამოშლილი გზები ბათუმში [ფოტო]

30.06.2019 • 1819
მშენებლობებთან დაბზარული და ჩამოშლილი გზები ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ბარგატიონისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე, გზა ჩავარდა. ამ ადგილას კომპანია „ევროლუქსი“ 21-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, გზის ჩავარდნა საძირკვლის ამოთხრის პროცესს მოჰყვა.

გზა შემოსაზღვრულია ამკრძალავი ლენტით. ასფალტი დაბზარულია

სათამაშო მოედნის ნაწილი ჩაწეულია

ჩამოშლილია ბორდიური ნაწილი

კომპანია „ევროლუქსში“ გზის ჩავარდნის მიზეზად უამინდობას ასახელებენ.

„აქ არის ჭაობი და სახლის მდგრადობისთვის, საფუძვლის ხარისხისთვის, საჭიროა მთლიანი ჭაობის ამოღება. ჩვენ 9 თვის განმავლობაში ვმუშაობთ და აქამდე არ მომხდარა ჩამოშლა. უამინდობამ და წყალმოვარდნამ გამოიწვია ეს, ვერ გაატარა წყალი ნიადაგმა და მოხდა მისი დამძიმება, რამაც გამოიწვია ჩამოშლა. 9 მეტრი რომ ამოღებული გექნება, საფუძველი, რა თქმა უნდა ჩამოვარდება. თუ გინდა სახლის საფუძველი კარგად გააკეთო, მაშინ უნდა იმუშაო ხარისხიანად. უკვე მოვიტანეთ ნიშნულები, მივიღეთ ბაგრატიონის ქუჩის შეზღუდვის ნებართვა, ჩამოგვაქვს თბილისიდან ნიშნულები, რომლებიც შეზღუდვას გააკეთებენ. ვმუშაობთ ამ ეტაპზეც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. მშენებლობაზე სხვა საქმე არ მიმდინარეობს, გარდა უსაფრთხოების ნორმებისა“ – გვითხრა გელა კახიძემ, კომპანია „ევროლუქსის“ წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას.

გზის ნაწილი ჩავარდნილია ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზეც, სადაც კომპანია „DS ჯგუფი“ აწარმოებს მშენებლობას.

ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე გზის ჩამოშლასთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს.

„თითქმის ყოველ დღე დავდივართ მაგ ობიექტზე, ობიექტს არ ვაძლევთ მშენებლობის გაგრძელების საშუალებას. სათამაშო მოედნის დაახლოებით ნახევარი „ევროლუქსის“ საკუთრებაა. პირველ რიგში უსაფრთხოების ღობე უნდა ყოფილიყო, ანუ ადამიანის მოხვედრა იმ ტერიტორიაზე არ შეიძლება. ობიექტის მშნებელობა შეჩერებულია იმ დრომდე, სანამ არ კომპანია არ გამოასწორებს [ხარვეზებს] და სანამ უსაფრთხოება არ იქნება ბოლომდე დაცული“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

რაც შეეხება „DS ჯგუფის“ მშენებლობასთან ჩამოშლილი გზის მონაკვეთს, ირაკლი მოქიას თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: