მთავარი,სიახლეები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა

28.06.2019 • 3283
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა

დღეს, 28 ივნისს, ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა. როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, ამ დროის მონაცემებით [23:00] ქუჩების მასობრივი დატბორვა არ ფიქსირდება და დაიტბორა ძირითადად ის მონაკვეთები, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განსაკუთრებით – ჭავჭავაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთა.

„მობილიზებული გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სანიაღვრე ჭებზე, რომ ჭებმა გამტარუნარიანობა არ დაკარგონ ზედაპირზე ნაგვის მოგროვების გამო. დემეტრე თავდადებულისა და ბაგრატიონის კვეთა, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება ბათუმში წვიმიანი ამინდის დროს, მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაშია, თვითონ ქუჩაზე დიდი დატბორვა არ ფიქსირდება. ამჟამად განაწილებული ვართ მთელი ქალაქის მასშტაბით, დასახმარებლად გამოსულია სამაშველოც“ – გვითხრა მარიკა გვიანიძემ, „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქში ავტომობილით გადაადგილება ყველგან არის შესაძლებელი, გარდა იმ ქუჩებისა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მაღაზიებს, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მაღაზიები მაღალზეა და რაც ვნახეთ, წყალი შესული არ იყო. კალიევის ქუჩაზე ვიყავით და არც იქ არ იყო შესული წყალი მაღაზიებში. ერთი ზარია შემოსული ბერიძის ქუჩიდან, სადაც მოხდება მობილიზება სატუმბო მანქანის. ნოემბერში დატბორვასთან შედარებით,  ქუჩები, სადაც ყველაზე მეტი დატბორვა დაფიქსირდა, პუშკინის იქეთ ტერიტორია, ბაგრატიონის მხარეს, თითქმის სუფთაა.

ამჟამად ვარ ჩაიკოვსკის ქუჩაზე, სადაც საკმაოდ დაბალი სახლებია და არსად არ ფიქსირდება ეზოში წყლის შესვლა“ – ამბობს მარიკა გვიანიძე.

23:00 საათის მონაცემებით, „ბათუმის წყალში“ შვიდი შეტყობინება შევიდა გამოძახებაზე.

ძლიერი წვიმა ბათუმში. თედო ჯორბენაძის ფოტო

ძლიერი წვიმა ბათუმში. თედო ჯორბენაძის ფოტო

ძლიერი წვიმა ბათუმში. თედო ჯორბენაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: