მთავარი,სიახლეები

როგორია იყო გოგო DJ-ი საქართველოში

29.06.2019 • 3595
როგორია იყო გოგო DJ-ი საქართველოში

კარგა ხანია საქართველო „ქლაბინგის“ რუკაზე მნიშვნელოვან ერთეულად მოინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც თბილისის ღამის კლუბების დამსახურებაა, დიჯეინგი და ელექტრონული მუსიკის წარმოება, მთელ საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ადრე კლუბური ივენთების თუ ელექტრონული მუსიკის ფესტივალების ლაინაფებში, ძალიან იშვიათად შეხვდებოდით მთავარ სცენაზე ქალ DJ-ებს. როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში ძირითადი ჰედლაინერები კაცი შემსრულებლები იყვნენ. ახლა ელექტრონული მუსიკის სფეროში ქალი DJ-ები წამყვან პოზიციებს იკავებენ. ქალები აქტიურად ჩნდებიან ელექტრონული მუსიკის ქართულ სცენაზეც.

კათიშა ცეცხლაძე 29 წლის ბათუმელი DJ და პროდიუსერია. მოღვაწეობა სამი წლის წინ დაიწყო. “ხელოვნებასთან ბავშვობიდან ახლოს ვიყავი, დიჯეინგის სწავლა ძალიან მინდოდა და ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ ესწავლებინა… მერე თბილისში მომიწია გადასვლა, რამაც ძალიან შემაფერხა. უკვე იმ დროს, როცა ვიწყებდი დიჯეინგს, აქტიურად ვიყავი ჩართული ივენთების ორგანიზებაში, ვმუშაობდი გამომცემლობებში, სადაც ვაკეთებდით ყველანაირ ივენთს, კორპორატიულ წვეულებებს, დაჯილდოებებს და ამ მუსიკოსებთან, DJ-ებთან კომუნიკაციამ მომცა შთაგონება, რომ მეც შემეძლო ჩემი თავი ასე გამომეხატა. ასე დავიწყე დიჯეინგი. მე რომ მეგონა მარტივი, ასე არ აღმოჩნდა”, – ამბობს ის.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/864698240595431/?v=864698240595431

კათიშა ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრ რამეს სწავლობს. „თავს ჯერ ვერ ვუწოდებ პროფესიონალ მუსიკოსს, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური სკოლის შვიდწლედიც დავამთავრე. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, მინდა ბევრი რამ აღმოვაჩინო. სამი წელია ვუკრავ, ეს არ არის დიდი დრო, მაგრამ არც ცოტაა. ამ პერიოდში მოვახერხე ის, რომ ხშირად მიწვევენ თბილისში, სხვადასხვა ბარებში დასაკრავად. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ბარი აღებს ჩემთვის კარს, მსიამოვნებს განმეორებით რომ მიწვევენ. შარშან ვუკრავდი ფესტივალზე, ეს იყო ჩემი პირველი ფესტივალი, სადაც დიდ სახელებთან ერთად მეც მოვხვდი სცენაზე. სამი წლის წინ ამას საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. წელს კი პირველად გავალ საქართველოს საზღვრებს გარეთ”.

კათიშა იქამდე გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. ამბობს, რომ ძველი საქმიანობისგან განსხვავებით, ამ სფეროში გოგოები კარგი გარეგნობის და ხასიათის გამო არ აღწევენ წარმატებას, საამისოდ საჭიროა მონდომება, მოთმინების უნარი და ცოტა იღბალიც: – “ამ ინდუსტრიაში არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ თუ ბიჭი, არავინ დაგაკვრევინებს მხოლოდ იმის გამო, რომ გოგო ხარ, თუ სათანადოდ არ უკრავ. მე ვიცი, რომ უნდა ვიყო შემდგარი არტისტი, რომ დავიმსახურო კარგი კლუბის სცენაზე დგომა”.

კათიშა ამბობს, რომ ქალი DJ-ები საქართველოშიც გამოჩნდნენ, თუმცა რაოდენობრივად ელექტრონული მუსიკის სცენაზე, კაცები კვლავ სჭარბობენ: – “რაოდენობრივად ვერ ვუტოლდებით, მაგრამ ვინც ვართ სცენაზე, საკმაოდ ნიჭიერები ვართ და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი გოგო გამოჩნდება, ვისაც საკუთარი თვის წარმოჩენა ამ ფორმით მოუნდება”.

მარიამ მესტუმრიშვილი

მარიამ მესტუმრიშვილი 20 წლისაა, რამდენიმე წელია ბათუმში ბარმენად მუშაობს, ელექტრონული მუსიკით ერთი წლის წინ დაინტერესდა, ელექტრონული მუსიკის წერა-წარმოების პროგრამა Ableton Live-ც ისწავლა, დიჯეინგის კურსიც გაიარა და ახლა ცდილობს საქმეს უფრო პროფესიონალურად მოჰკიდოს ხელი.

“თავიდან მეგობრების ივენთებზე ვუკრავდი, ამ გაზაფხულზე პირველად დავუკარი უცხო მსმენელის წინაშე. ძალიან ვნერვიულობდი, დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ადამიანების, მსმენელის განწყობა და ემოციები შენზეა დამოკიდებული. ბევრს ჰგონია, რომ დიჯეინგი ძალიან მარტივი საქმეა. მეუბნებიან ხოლმე “რა უნდა ჯერ ერთ ტრეკს ჩართავ, მერე მეორესო”. არ არის ასე, ტემპი არ უნდა დააგდო, რიტმი შეინარჩუნო… Dj ივენთის ერთ-ერთი მთავარი პერსონაა, ადამიანების განწყობა სრულადაა დამოკიდებული იმაზე, რასაც შენ უკრავ”, –  ამბობს ის.

მარიამ მესტუმრიშვილი

მარიამი ამბობს, რომ ამ დარგში ფეხის მოკიდება რთულია, თუმცა ეს სირთულეები გოგო და ბიჭ DJ-ებსაც თანაბრად ეხება: – “ზოგადად, ძალიან არასწორია სფეროების დაყოფა სქესის მიხედვით, მუსიკის მით უმეტეს, მუსიკა ყველასია და ძალიან მიხარია, რომ ბოლო დროს როგორც მსოფლიო სცენაზე, ისე საქართველოში და კერძოდ ბათუმშიც, ძალიან ნიჭიერი ქალი არტისტები გამოჩნდნენ ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

საერთოდ არ მიყვარს ჩემს ემოციებზე საუბარი, როცა დავფიქრდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ხერხი, რითაც ჩემს გრძნობებსა და მესიჯებს ადამიანებს გავუზიარებდი, მივხვდი, რომ ეს მუსიკა იყო. მინდა ვხედავდე, რომ ადამიანებს უხარიათ, ბედნიერები არიან… ჩემი მთავარი მესიჯი, რისი გაზიარებაც მსურს – ალბათ თავისუფლებაა, მუსიკა ათავისუფლებს”.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/322093932003702/

 

გადაბეჭდვის წესი