კულტურა,სიახლეები

ქართული კინო რომში, შანხაისა და პერუს კინოფესტივალებზე

19.06.2019
ქართული კინო რომში, შანხაისა და პერუს კინოფესტივალებზე

ივნისის თვე ქართველი რეჟისორებისა და ზოგადად ქართული კინოსთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. 16-18 ივნისს ქართული კინოს დღეებს რომმა უმასპინძლა. რომის კინოს სახლში [Casa del Cinema] ნაჩვენები იყო სხვადასხვა დროს გადაღებული ქართული ფილმები: „მანდარინები“ [რეჟისორი ზაზა ურუშაძე], „ცისფერი მთები“ [რეჟისორი ელდარ შენგელაია], „ნატვრის ხე“ [რეჟისორი თენგიზ აბულაძე], „შემთხვევითი პაემნები“ [რეჟისორი ლევან კოღუაშვილი] და „ჩემი ბებია“ [რეჟისორი კოტე მიქაბერიძე].

ღონისძიება 16 ივნისს  გაიხსნა კონცერტით, სადაც ქართველმა მუსიკოსებმა ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს ქართული კინოფილმებიდან.

კინოპროგრამის გარდა, რომში ასევე გაიმართა ქართველი და იტალიელი კინემატოგრაფისტების მეგობრობასთან დაკავშირებული კინოპოსტერების, ისტორიული ფოტომასალისა და წერილების გამოფენა.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევდნენ საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი. პროექტის მხარდამჭერი იყო სახელმწიფო პროგრამა „საქართველო-ევროპა“.

12 ივნისს პერუში დააჯილდოვეს მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“. ფილმმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო აიღო კინოფესტივალზე Festival de cine Al Este.

„სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე.

კადრი ფილმიდან „სანამ მამა დაბრუნდება“

15-25 ივნისს კი აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. ფილმი საქართველოს, შვედეთის და რუსეთის კოპროდუქციაა. დიტო ცინცაძის ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგება.

აღსანიშნავია, რომ დისტრიბუტორებისთვის, ტელევიზიებისა და ფესტივალების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ქართული ფილმის ჩვენება შედგება. დიტო ცინცაძის ფილმს „შინდისი“, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების რეალურ ისტორიაზე მოგვითხრობს, შანხაიში დახურულ ჩვენებაზე 18 ივნისს ნახავენ.

___________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „სანამ მამა დაბრუნდება“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: