ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, სამსახური შესაბამის ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს. სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საბანო ზონებს მიმდინარე სეზონზე სრულად აითვისებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ წელს მაშველები დაემატებიან რამდენიმე ისეთ მონაკვეთზე, სადაც აქამდე სამაშველო კოშკურები არ არსებობდა და მაშველების მიერ არ კონტროლდებოდა. ასეთი მონაკვეთებია პლაჟი ციხისძირთან, ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ, კარიერის მოპირდაპირედ მდინარე კინტრიშის შესართავთან ქობულეთსა და ასევე ფიჭვნარში.

აჭარის სანაპიროზე, ტურისტულ სეზონზე, 250 მაშველი იმუშავებს, მათ შორის 20 ქალი იქნება. 

პლაჟებზე ამკრძალავი ნიშნები განთავსდება:

რაც შეეხება ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს – ესა ადგილებია:

  • სარფში – 2 ადგილას [ძირითადად იქ, სადაც კლდოვანი ნაპირია. ბანაობა ასევე აკრძალულია გამშვები პუნქტის მოპირდაპირე პლაჟზე საქართველო-თურქეთის საზღვართან];
  • კვარიათში – 1 ადგილას [სადაც კლდოვანი ნაპირია];
  • ახალ და ძველ ბულვარში – 3 ადგილას [ახალ ბულვარში იქ, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში მდებარე პირსამდე], ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, შემოღობილიცაა. ძველ ბულვარში კი ამკრძალავი ნიშანი განთავსდება იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე];
  • ბარცხანის დასახლებაში – 1 ადგილას, რესტორან „რივიერასთან“;
  • თამარის დასახლებაში [ბენზე] – 2 ადგილას. აქედან ერთი ადგილი სანაპირო დაცვის სამსახურის ტერიტორიაა; მეორე კი 12-სართულიან კორპუსებთან [განთიადის პლაჟის მიმდებარედ];
  • მახინჯაურში – 1 ადგილას, ყოფილი სასტუმრო „მზიურის“ მიმდებარედ;
  • მწვანე კონცხზე – 3 ადგილას [ძირითადად კლდოვან ნაპირებთან – ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ];
  • ჩაქვში – 4 ადგილას, ძირითადად ჩაქვის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ;
  • ციხისძირში – 4 ადგილას, აქედან სასტუმრო „კასტელო მარეს“ მიმდებარედ – 4 ადგილას, 1 ადგილას კი პეტრას ციხის მიმდებარედ.

ბანაობა ასევე აკრძალულია მდინარეების [განსაკუთრებით ჭოროხის] შესართავებთან, გონიოს ყოფილი პოლიგონის გასწვრივ, ბათუმის პორტის აკვატორიაში.

ამ თემაზე:

ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია

ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com