მთავარი,სიახლეები

ირაკლი კვერღელიძე სამშენებლო მასალების ვარდნაზე: უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო

27.05.2019
ირაკლი კვერღელიძე სამშენებლო მასალების ვარდნაზე: უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო

„ეს იყო სტიქია, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო,“ – აცხადებს ირაკლი კვერღელიძე, კომპანია „ორბი ჯგუფის“ დირექტორი. მან დღეს, 27 მაისს უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს. შემთხვევა 25 მაისს მოხდა – ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებელო მასალები გადმოვარდა და ოთხი ავტომანქანა დაზიანდა. გამოძიება ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

„შეამოწმეთ რა სიჩქარის ქარი იყო, ბოლო 50 წლის განმავლობაში თუ აღმოაჩენთ ამ სიჩქარეს, კი ბატონო, გავაგრძელოთ საუბარი. დაახლოებით 160 კმ/საათი იყო სიჩქარე ეს ქვედა ნაწილში, ზედა ნაწილში კიდევ უფრო ძლიერი იყო“, – გვითხრა ირაკლი კვერღელიძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მაისს  ქარის სიჩქარემ ბათუმში მიაღწია 25 მეტრ/წამს. შესაბამისად, 25 მაისს ბათუმში დაფიქსირებული ქარის სიჩქარე იყო არა 160 კმ/საათში, არამედ 90 კმ/საათში.

ჩვენ „ორბის“ დირექტორს ასევე ვკითხეთ, რატომ რჩებოდნენ 160 კმ/საათში სიჩქარის ქარის პირობებში მუშები მშენებარე შენობაში?

„გააჩნია, სად რჩებოდნენ. ქარის არსებობის დროს, შენობაში ყოფნა რატომაა საფრთხის შემცველი?… ქარი ამოვარდა მოულოდნელად, გაუთვალისწინებლად. ადამიანთა კატეგორიას გარეთ გამოსვლის შემთხვევაში საფრთხე ჰქონდათ. გარეთ რომ გამოსულიყვნენ, მერე იმას მეტყოდით, გარეთ რატომ იყვნენო,“ – გვიპასუხა ირაკლი კვერღელიძემ.

„ორბი ჯგუფის“ დირექტორის თქმით, გამოძიებას იგი არ დაუბარებია ჩვენების მისაცემად. ირაკლი კვერღელიძემ ასევე გვითხრა [შს სამინისტროში 25 მაისს განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით], რომ დაზიანებული ავტომანქანებთან შეთანხმება შედგა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. მან არ დაგვიკონკრეტა, რამდენი მანქანის აღდგენა არის შეუძლებელი.

„ვერ გეტყვით, რამდენ შემთხვევაში შევიძენთ ახალს… ყველა მესაკუთრესთან ვართ შეჯერებულები და ეს რატომ არის საინტერესო?“ – იკითხა ირაკლი კვერღელიძემ.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით კი, უსაფრთხოების ნორმების „ორბის“ მშენებლობაზე დარღვეული იყო და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. „კომპანიას მიეცა ხუთდღიანი ვადა იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჩერდება მშენებლობა,“ – ამბობს ირაკლი მოქია, ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

ნახეთ ვიდეო კადრები, რომელიც 25 მაისის დილას, ბათუმში მშენებარე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შენობასთან არსებულ მდგომარეობას ასახავს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/665879883883156/

_____________

ამ თემაზე:

„ორბის“ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომანქანები დააზიანა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: