მთავარი,სიახლეები

რატომ დასაჯეს მხოლოდ ინგა შამილიშვილი 

27.05.2019
რატომ დასაჯეს მხოლოდ ინგა შამილიშვილი 

ფესტივალი „ოქროს დელფინი“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის დროშები გამოფინეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ბათუმის მერიამ 12 ათასი ლარით დააფინანსა, აჭარის განათლების სამინისტრომ კი – 15 ათასი ლარით. 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, ოკუპანტი ქვეყნის დროშების გამოფენას შეეწირა ორგანიზატორი უწყების – განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილის თანამდებობა.  ბათუმის მერიაში კი არავინ დაუსჯიათ.

გუშინ, 26 მაისს, აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის გათავისუფლების შემდეგ, აჭარის განათლების სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მერიის მიერ ფესტივალის მხარდაჭერაზე დააკორექტირეს – ფესტივალის მხარდამჭერებს შორის დასახელებული ბათუმის მერია ჩამონათვალიდან წაშალეს.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მერია ფესტივალ „ოქროს დელფინის“ მხარდამჭერი იყო და არა ორგანიზატორი, შესაბამისად, მათ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათივე განმარტებით, განათლების სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან მერიის, როგორც ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის წაშლასთან მერიას კავშირი არ აქვს. აქ ირწმუნებიან, რომ სამინისტროსთვის ასეთი მოთხოვნით მერიიდან არავის მიუმართავს.

კომისიას, რომელმაც ფესტივალ „ოქროს დელფინის“ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის მერიაში, მერის მოადგილე, მომღერალი სოფო ხალვაში ხელმძღვანელობს. კომისიაში შედიან ასევე განათლების სამინიტროს, ბათუმის საკრებულოსა და ამ უწყების მრჩეველთა საბჭოს წევრები.

„ფესტივალი ერთ-ერთი პროგრამის – „თავისუფალი ინიციატივების“ ფარგლებში დავაფინანსეთ 12 000 ლარით“,  – გვითხრეს მერიაში. უწყების განმარტებით, ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ფესტივალის მონაწილეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას ტურისტული ადგილების მოსანახულებლად, ასევე, მათთვის სუვენირების შეძენას.

 

ამავე თემაზე:

 

ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: