მთავარი,სიახლეები

უვადოდ დანიშნული ბათუმელი მოსამართლე, რომელსაც უვადოდ დანიშვნა არ სურდა

28.05.2019
უვადოდ დანიშნული ბათუმელი მოსამართლე, რომელსაც უვადოდ დანიშვნა არ სურდა

24 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ როინ კახიძე გაამწესა. იგი ბათუმელია და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. ამჯერად როინ კახიძე სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გაამწერეს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრ მოსამართლედ.

როინ კახიძე ბოლო წლებში ცაგერის სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ. ბათუმელი ადვოკატები დღეს მის განხილულ კონკრეტულ საქმეებს ვერ იხსენებენ, თუმცა ახსოვთ, რომ ამ მოსამართლეს წლების წინ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრეს.

„ის იყო ჩვეულებრივ სისტემის ნაწილი მოსამართლე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გამამართლებელი განაჩენიც ჰქონდა, ვერ ვიტყვი, რომ იყო პრინციპული. როინ კახიძე იყო შემსრულებელი,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

„ბათუმელების“ არქივში კონკრეტული სტატია იძებნება – საქმე, რომელზეც როინ კახიძემ 2008 წელს გადაწყვეტილება მიიღო: „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, გაუპატიურებაში ბრალდებული გიორგი ჩიქოვანი სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი, სასტიკად ნაცემი 24 წლის გოგონა მის პატიმრობაში ყოფნას სთხოვდა მოსამართლე როინ კახიძეს,“ – აღნიშნულია სტატიაში.

„ბათუმელების“ ინტერნეტარქივში იპოვით სტატიასაც, სადაც მოსამართლე როინ კახიძეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის იდეა არ მოსწონს:

„იდეა არ მომწონს, რადგან ვთვლი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის განუსაზღვრელი ვადით არჩეული მოსამართლე არაფერს შეცვლის. ვფიქრობ, ადამიანი მოსამართლედ 15-20 წელი უნდა მუშაობდეს. ამ დროის განმავლობაში იგი საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურავს, რის შემდეგ პენსია უნდა დაენიშნოს. 65-წლამდე ისეთივე რეჟიმში მუშაობა, როგორშიც ახლა მიწევს, შეუძლებელია,“ – უთხრა 2008 წელს მოსამართლე როინ კახიძემ „ბათუმელებს“. ამავე სტატიაში როინ კახიძე ამბობს, რომ მას მხოლოდ კანონი ზღუდავს.

„არავინ მირეკავს და მავალებს, რა გადაწყვეტილება გამოვიტანო, კანონმდებლობით ვარ შეზღუდული. გადაწყვეტილების მიღებაში პროკურორია შეზღუდული, თორემ მოსამართლე თავისუფალია,“ – აღნიშნავს როინ კახიძე.

როინ კახიძის ბიოგრაფიული მონაცემი, სხვა მოსამართლეებისგან განსხვავებით, არ იძებნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდზე. საბჭოს პრესცენტრის თქმით, მოსამართლეს ბიოგრაფია საბჭოსთვის არ მიუწოდებია.

უვადოდ მოსამართლე ისე გაამწესეს, რომ მისი ბიოგრაფია საბჭოს წევრებს არ მოუკითხავთ? – კითხვის პასუხად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში დაგვიკონკრეტეს, რომ ბიოგრაფია არ მიუწოდებიათ იმ ჯგუფისთვის, რომელიც ბიოგრაფიებს საბჭოს ვებგვერდზე ტვირთავს. პრესცენტრს ჩვენ მოსამართლის ბიოგრაფიის მოწოდება ვთხოვეთ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე იგი არ მიგვიღია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 მაისს კონკურსის წესით 29 მოსამართლე გაამწესა უვადოდ, სამი – გამოსაცდელი ვადით. 43 ვაკანსიაზე 69 კანდიდატი მოსამართლე დარეგისტრირდა.

იუსტიციის საბჭომ ამჯერად ბათუმში უვადო მოსამართლედ გაამწესა ჯუმბერ ბეჟანიძე. საბჭომ უარი უთხრა მოსამართლეობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს – ირაკლი შავაძეს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს დაუპირისპირდა და შემდეგ სასამართლო კლანზე საჯაროდ ისაუბრა. ირაკლი შავაძეს მოსამართლედ გამწესების იმედი აღარ აქვს. ის ადვოკატობას დაუბრუნდა.

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივიდან. 2008 წელი

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: