დელფინის მოკვლის გამო უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან