მთავარი,სიახლეები

როგორ აფასებს პოლიციელი რისკებს, როცა ქალზე ოჯახში ძალადობენ

09.03.2019 • 1455
როგორ აფასებს პოლიციელი რისკებს, როცა ქალზე ოჯახში ძალადობენ

რა შეცვალა შინაგან საქმეთა მინისტრის ახალმა ბრძანებამ, რითაც ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი გაიწერა? – ეს შეკითხვა გოგა ხატიაშვილს დავუსვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს. ის გუშინ, 8 მარტს, მონაწილეობდა ბათუმში გამართულ კონფერენციაში – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“. შს მინისტრის ბრძანება გასული წლის სექტემბრიდან მოქმედებს.

„ყოველთვის იყო კრიტიკა, რომ პოლიციელს არ ჰქონდა ინდიკატორი, რითაც ის შეაფასებდა არსებულ სიტუაციას. რიგ შემთხვევებში არ იყო კითხვები სრულყოფილად დასმული, ან კითხვები იყო არარელევანტური. პრობლემური იყო ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა და პროპორციული კითხვების დასმა. ახლა ეს პოლიციელს აქვს უკვე. აქ არის კითხვები ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე კითხვები, რაც საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილებით მაღალ რისკზე მიუთითებს, მაგალითად, მოძალადის ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. ეს კითხვები მოიცავს, ერთის მხრივ, ძალადობის ფორმის გამოვლენას, მეორეს მხრივ – რისკების შეფასებას. რისკები გვაქვს სამდონიანი: მაღალი, საშუალო და დაბალი. ამ დოკუმენტს რომ შეავსებს, პოლიციელი თვითონ ხვდება, რომელ რისკთან აქვს საქმე. მონიტორინგის სიხშირეც უკვე ამაზეა დამოკიდებული,“ – გვითხრა გოგა ხატიაშვილმა.

პოლიციელი უკვე ამ კონკრეტული კითხვარით ხვდება მსხვერპლს, როცა ის დასახმარებლად პოლიციაში მიდის, ან პოლიციელი მიდის შემთხვევის ადგილზე. შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ეს კითხვარი და ამის შემდეგ შევსებული დოკუმენტი კარნახობს პოლიციელს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან: შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა.

გოგა ხატაიშვილის თქმით, მაღალი რისკის შემთხვევაში, პოლიციელი უკვე ვალდებულია მინიმუმ 5 სატელეფონო შეტყობინება განახორციელოს მსხვერპლთან.

„გარდა ამისა, პოლიციელი ორჯერ გეგმიურად და ორჯერ არაგეგმიურად უნდა მივიდეს მსხვერპლთან… ის ასევე უნდა შეხვდეს მოძალადეს. ამ ბრძანებით გაწერილია პოლიციელია კომუნიკაციის დეტალები მსხვერპლთან იმისთვის, რომ კონკრეტული დანაშაული ავიცილოთ თავიდან,“ – აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა „ბათუმელებთან“.

მთავარი ფოტო: შუაში გოგა ხატიაშვილი

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: