მთავარი,სიახლეები

ვინ მიიღებს დახმარებას მესამე და მომდევნო შვილზე – ქობულეთის მერიამ კრიტერიუმები შეცვალა

11.01.2019 • 5933
ვინ მიიღებს დახმარებას მესამე და მომდევნო შვილზე – ქობულეთის მერიამ კრიტერიუმები შეცვალა

ქობულეთის მერიის პროგრამა, რომელიც მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებდა, 2018 წელს ბენეფიციარების რაოდენობას ვერ აუვიდა, ბიუჯეტი წლის მეორე ნახევარში ამოიწურა და დახმარების გარშე რამდენიმე ათაეული ოჯახი დარჩა.

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბ ცინცაბაძე ამბობს, რომ უპასუხოდ ორმოცდაათამდე განაცხადი დატოვეს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა მამასახლისის ინფორმაციით კი – ოცდაათამდე, თუმცა საფინანასო სამსახურის უფროსმა გვითხრა ისიც, რომ ციფრი ზუსტად არ ახსოვს.

მერაბ ცინცაბაძის ინფორმაციით ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე დაპირდა მოსახლეობას, რომ 2019 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდებოდა და გაითვალისწინებდნენ თანხას იმ ოჯახებისთვისაც, რომლებმაც დახმარება ვერ მიიღეს. მიუხედავად ამ დაპირებისა 2019 წლის ბიუჯეტში პროგრამის დაფინანსება შემცირებულია.

გასულ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის  მე-3, მე-4, მე-5 და მომდევნო შვილის დაბადებასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარების გასაცემად ბიუჯეტში 97 500 ლარი იყო გათვალისწინებული, [თუმცა ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული ყოფილა წინა, 2017 წლის დაუფინანასებელი ვალდებულება] 2019 წლის ბიუჯეტში კი – 50 000 ლარია.

მერიის ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის სამსახურის უფროსის განმარტებით ეს ყველაფერი სიმართლეა და მერია ნამდვილად აპირებს 2019 წლის ბიუჯეტიდან გასულ წელს შემოსული განაცხადების დაკმაყოფილებას, მისივე განმარტებით, მათთვის თანხა  ბიუჯეტში პროგრამისთვის გათვალისწინებული 50 000 ლარიდან გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019-ში პროგრამის ბიუჯეტი კიდევ შემცირდება.

სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ბიუჯეტში თანხა საჭიროებისამებრ გაიზრდება, თუმცა როგორც ირკვევა 2019 წელს პროგრამით სარგებლობას წელს ბევრად ნაკლები ოჯახი შეძლებს, ვიდრე ეს გასულ წელს მოახერხეს, რადგან  პროგრამის კრიტერიუმები შეიცვალა:

„წელს შეიცვალა კრიტერიუმი, მხოლოდ  ნულიდან 200 000 ქულის ჩათვლით მქონე ოჯახები მიიღებენ დახმარებას. ვინაიდან ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გათვალისწინებული პროგრამა“ – ამბობს ხათუნა მამასახლისი.

მისივე ინფორმაციით კრიტერიუმების შეცვლა მერის, მირიან ქათამაძის მოთხოვნა არ იყო და გადაწყვეტილებამდე ერთობლივად მივიდნენ: „ ეს საერთო აზრი იყო“.

2018 წელს „მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის“ პროგრამა ითვალისწინებდა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მესამე ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით, მეოთხე ახალშობილზე 700 ლარის ოდენობით, მეხუთე და მომდევნო ახალშობილზე 900 ლარის ოდენობით.

წელს კი პროგრამა მესამე ახალშობილზე 600 ლარით დახმარებას ითვალისწინებს, მეოთხე ახალშობილზე – 800 ლარით, მეხუთე და ყოველ მომდევნო ახალშობილზე კი – 1000 ლარით დახმარებას.

თუმცა, 2019 წელს ამ პროგრამით არა ყველა, არამედ უკვე მხოლოდ ნულიდან 200 000 ქულის ჩათვლით მქონე ოჯახები ისარგებლებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: