მთავარი,სიახლეები

ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინას და რემონტისთვის საჭირო თანხას

26.12.2018 • 2734
ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინას და რემონტისთვის საჭირო თანხას

როინ და ირინე კახიძეებს შვიდი შვილი ჰყავთ. სწორედ ამიტომ ბათუმის მერია მათ, მრავალშვილიანი ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, 129 კვადრატულ მეტრ ფართობის ბინას გადასცემს. მრავალშვილიანი ოჯახის ახალი ბინა ზღვის სანაპიროზე, ხიმშიაშვილის ქუჩის #1-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე იქნება. ამ ოჯახს ბინის რემონტის თანხას – 32 250 ლარს მერია წელსვე გამოუყოფს.

კახიძეების ოჯახისთვის ბინის გამოყოფაზე განკარგულების პროექტით ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. საკითხი ხვალ, 27 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ. როინ კახიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურდიდშია რეგისტრირებული.

„მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ  ბათუმში მცხოვრებ ოჯახებს და ასევე, იმ ოჯახებს, რომელთა უფროსი წევრებიც [დედა ან მამა] დაბადებულები არიან ბათუმში, მაგრამ მიმდინარე პერიოდისათვის მათი საცხოვრებელი ადგილი რეგისტრირებულია საქართველოს სხვა რეგიონში, მათ ჰყავთ შვიდი და მეტი შვილი.

ქვეპროგრამის მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებელი ბინით, რომლის საერთო ფართობი არის 120-135 კვ.მეტრამდე. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა უფროსი შვილის წლოვანება არ აღემატება 23 წელს.

ქვეპროგრამის მიხედვით, ბენეფიციარ ოჯახს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა. ქვეპროგრამის მიხედვით,  ბენეფიციარ ოჯახს უნდა გადაეცეს გარემონტებული ბინა ან  ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის ერთჯერადად გამოყოფილი თანხა – 1 კვ. მ -ზე 250 ლარი.

ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინებით იმ მრავალშვილიანი ოჯახების უზრუნველყოფას, რომლებსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ საკუთრებაში საცხოვრებელი უკვე გადაეცათ. ან თუკი საკუთრებაში გააჩნიათ საცხოვრებელი ფართობი 150 კვ.მეტრი და მეტი.

მრავალშვილიანმა ოჯახებმა, რომელთა მონაცემებიც შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს, პროგრამაში მონაწილეობისთვის მერიაში უნდა წარადგინონ  შვილების დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

მერიის ინფორმაციით, კახიძეების ოჯახმა ყველა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. საკრებულო დიდი ალბათობით, ხვალ, 27 დეკემბერს, სხდომაზე ამ საკითხს მხარს დაუჭერს, რის შემდეგაც კახიძეების ოჯახს სიურპრიზი ელის.

მთავარი ფოტო: კორპუსი, რომელშიც კახიძეების ოჯახს ბინას გადასცემენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: