მთავარი,სიახლეები

ერიკ ემანუელ შმიტი საქართველოშია

30.11.2018
ერიკ ემანუელ შმიტი საქართველოშია

საქართველოს გუშინ, 29 ნოემბერს, ბელგიური წარმოშობის ფრანგი მწერალი, დრამატურგი ერიკ ემანუელ შმიტი ეწვია.

ერიკ ემანუელ შმიტი ფრანკოფონებს დღეს, 30 ნოემბერს, 5 საათზე, თბილისის ფრანგულ მედიათეკაში შეხვდება, 7 საათზე კი დაგეგმილია შეხვედრა მკითხველებთან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

58 წლის ფრანგულენოვანი ავტორის წიგნები მსოფლიოს 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

„ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“, „ნოეს შვილი“, „ოდეტ ტულმონდი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“, „ულისე ბაღდადიდან“ და სხვა – ქართულ ენაზე ერიკ ემანუელ შმიტის ოცი წიგნია თარგმნილი, მისი წიგნების ყველა ქართული თარგმანი მერაბ ფიფიას ეკუთვნის.

მერაბ ფიფიას თქმით, შმიტი  კარგი მოსაუბრეა და მას ქართველი მკითხველისთვის ბევრი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი, მაგალითად, როგორ მოიპარეს მწერლის სახლში შეჭრილმა მძარცველებმა კომპიუტერი, რომელშიც ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი „პილატეს სახარების“  ტექსტი ინახებოდა. შმიტმა „პილატეს სახარება“ თავიდან დაწერა და გადაწყვიტა, ტექსტები კომპიუტერში აღარასოდეს აეკრიბა.

„შმიტი ადამიანურ ამბებზე ყვება, თემებზე, რაც ყველასთვის თანაბრად აქტუალურია. სწორედ ამ ნიშნით გახდა ის პოპულარული ქართველი და მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის მკითხველებისთვის,“- ამბობს მთარგმნელი, მერაბ ფიფია.

ერიკ ემანუელ შმიტის ვიზიტი საქართველოში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) ინიციატივით შედგა. ბელგიელი მწერალი საქართველოში ერთ დღეს გაატარებს.

ერიკ ემანუელ შმიტი სტუმრად საფრანგეთის ელჩთან, პასკალ მონიესთან

 

ერიკ ემანუელ შმიტი სტუმრად საფრანგეთის ელჩთან, პასკალ მონიეთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.