ნეტგაზეთი • RU

„აქამდე ივანიშვილი სააკაშვილის დამსახურებით მოვიდა,“- ინტერვიუ გრიგოლ გეგელიასთან

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია ახალი პოლიტიკური ძალების გააქტიურებას ელოდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. იგი მიიჩნევს, რომ ხალხი ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებით დაიღალა და ბიულეტენზე ამომრჩევლის მიწერილი ფრაზებიც, რაც შემდეგ სოციალური ქსელებით გავრცელდა, ამას ადასტურებს, მაგალითად, ეს: „დაგექცათ დაბადება, მეტი არჩევანი რომ არ დაგვიტოვეთ…“

არჩევნების მეორე ტურის წინ ბევრი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა ტესტი და, ფაქტობრივად, რეფერენდუმი მომავალი არჩევნებისთვის. არჩევნების შემდეგ „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა:

ბატონო გრიგოლ, თქვენც ნახავდით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საარჩევნო ბიულეტენებს, სადაც ამომრჩევლებმა საპროტესტო, რადიკალური გზავნილები დატოვეს, მაგალითად: „დაგექცათ დაბადება, მეტი არჩევანი რომ არ დაგვიტოვეთ,“ „ბოლო შანსს გაძლევთ“… აჩვენებს თუ არა ეს მინაწერები ახალი პოლიტიკური ძალის დაკვეთას და რა ტიპის პოლიტიკური პარტია სურს ამომრჩეველს? 

კი, რა თქმა უნდა. ეს დაკვეთა დიდი ხანია არსებობს და ახლა განსაკუთრებით. ჩვენთან მოთამაშე პოლიტიკური ძალები რეალურად ქმნიან ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს. ისინი არ ურთიერთობენ ხალხთან და მერე უკვირთ, როცა ხალხს არ აქვს ხალისი, ერთ ან მეორეს მისცეს ხმა. ამ ვითარებაში ახალი სახალხო მოძრაობის შესაძლებლობა ჩნდება, რომელიც ბევრ საპროტესტო ხმას მიიღებდა. საჭიროა სახალხო მოძრაობა, რომელიც მოახერხებს ფინანსების და ხალხის მობილიზებას და 2020-ის თუ არა 2024 წლის არჩევნებზე საკმაოდ ძლიერად იქნება წარმოდგენილი. ამის რესურსი ნამდვილად არსებობს, როგორც დემოკრატიულ, ასევე, ადამიანური კაპიტალის დონეზე. ძალიან ბევრი ადამიანია პოლიტიკურად თავისუფალი, აპოლიტიკურს არ ვგულისხმობ, მაგრამ პარტიული არაა. მგონია, რომ რეალურია ასეთი ძალის გამოჩენა, ეს საჭიროა და გადაუდებელი. მოთხოვნა არის ძალიან დიდი, ეს იგრძნობა ყველგან და ყველაფერში.

თქვენთვის რა აჩვენა მეორე ტურმა. იყო თქვენთვისაც ეს არჩევნები ტესტი 2020 წლისთვის? 

კი, იყო ტესტი. არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ შიშით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიშით მივიდა ნახევარი მილიონი ადამიანი საარჩევნო უბნებზე და მისცა ხმა სალომე ზურაბიშვილს… ჩემთვის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ხალხი დაიღალა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებით. აი, როგორ არის: ცუდს ვირჩევ, ცუდს ვირჩევ, ცუდს ვირჩევ მხოლოდ იმიტომ, რომ უარესი არ მოვიდეს. კლასიკური გაგებითაც გამოფიტვას იწვევს ეს პროცესი, პოლიტიკური დებილიზაცია მოხდა ჩვენი, გამოგვათაყვანეს… ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ ხალხი წავა და მას მისცემს ხმას. საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა. სხვადასხვა კერძო ინიციატივა არსებობს და მთავარია, არ დაიქსაქსოს ეს ინიციატივები. ძლევამოსილი პარტიების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მარტივი. 2020 წლამდე ორი წელია, ეს დიდი დროა პოლიტიკისთვის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართულ ოცნების“ პოლიტიკურ რესურსებს როგორ უყურებთ? 

ვამბობდი, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება არ ნიშნავდა აპრიორი „ნაციონალების“ დაბრუნებას და პირიქით, არც მისი წაგება ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნდებიან 2020 წელს… რაც შეეხება „ოცნებას“, მას აქვს დიდი ტესტი გადაეწყოს სრულად იდეურად და პიროვნებების დონეზე. ეს დაანონსა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა, რაც პარტიის რადიკალურად გარდაქმნას გულისხმობს. ახლა კობახიძეებით და ბესელიებით ვეღარ გავა ვერსად, ეს ცხადია. აქამდე ბიძინა ივანიშვილი მოვიდა სააკაშვილის დამსახურებით, შიშის ფაქტორი ეხმარებოდა. „ნაციონალებს“ კი, თუ უნდათ, რომ გადარჩნენ პოლიტიკურად, ეს არის ახალი დისკურსის შერჩევა. რევოლუციონერიზმი, რაც მათ აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ეგ არ მუშაობს და პირველად დაგვიჯერეს, როცა დღეს გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია თავისი, ერთეული პოზიციაა. მათ მოუწევთ სხვაგვარი დისკურსის წარმოება.

რა დისკურსი იმუშავებს „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში? 

ახლა ყველაზე მთავარი დისკურსი მეტი დემოკრატიაა, მეტი ძალაუფლება ხალხს, თვითმმართველობა, გამჭვირვალობა, სოციალური თემატიკა. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო, ისინი რეალურად არ არიან დემოკრატები. ვინც ერკვევა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, ეს აშკარაა და ისინიც არ დაგიმალავენ ამას – ისინი არიან რაღაც სხვა ტიპის მმართველობაზე ორიენტირებულები. მათ ექნებათ ახალი დისკურსის შერჩევის მცდელობა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რამდენად ეფექტურად შეძლებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უმეტეს, არსებული ლიდერების პირობებში. თუ მართლა მოხდება რებრენდინგი, ოღონდ ისე კი არა, რომ ნიკა მელიამ მაისური გამოიცვალოს და თქვას, რომ აი, რებრენდინგი მოხდა, მაშინ შეიძლება რამეზე ვილაპარაკოთ.

არსებობს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდება და ისე შეეცდება საპარლამენტო არჩევნების მოგებას?

კი, ეს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება მათთვის, მაგრამ მაინც საკითხავი იქნება, რამდენად შეძლებენ ელექტორატის მობილიზებას, თუნდაც გაერთიანების პირობებში. ასე „ქართულ ოცნებასაც“ შეუძლია გაერთიანდეს „პატრიოტთა ალიანსთან“. მე მგონია, რომ ერთ-ერთი გეგმა ივანიშვილის, ყოველ შემთხვევაში გეგმა B, თუ პარტიული რებრენდინგი არ გამოუვა, მაგას მიჰყოფს ხელს. არსებობს სატელიტური პარტიების შექმნის შესაძლებლობაც. სისტემას თუ შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილს არ ადარდებს არაფერი პოლიტიკური: იდეოლოგია, ღირებულებები. ის პოლიტიკას უყურებს როგორც ბიზნესს, მთავარია ჰქონდეს საკონტროლო პაკეტი – 51 პროცენტი და თავის კაპიტალს არავინ შეეხოს. მნიშვნელობა არ აქვს, „ოცნება“ ულტრა-მემარჯვენე ძალასთან გაერთიანდება, თუ სოციალისტთან. ეს მას არ ადარდებს.

რამდენად შესაძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილებები და პოლიტიკას სხვაგვარად შეხედოს? 

მე არ მწამს, რომ არსებობს პარტია „ქართული ოცნება“, არსებობს მხოლოდ ივანიშვილის პარტია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე ისინი, უბრალოდ, არიან შემთხვევით ერთად მოხვედრილ ადამიანთა კლუბი, რომლებსაც ღირებულებები არ აერთიანებთ, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როცა მათ ხელისუფლების შეცვლა აერთიანებდათ. ბიძინა ივანიშვილის გარდა, პარტია დაიშლება მარტივ მამრავლებად. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სინონიმური სიტყვებია.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი