გრიპზე უფასო აცრა სოფლებშიც ყველას ეკუთვნის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის განმარტება


შუახევის მუნიციპალიტეტიდან „ბათუმელებს“ მოქალაქეები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ მათ გრიპის უფასო აცრაზე უარი უთხრეს. მათ უთხრეს, რომ ვაქცინაცია მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ გრიპზე უფასო აცრა ყველა მსურველს შეუძლია.

„შუახევის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ როგორც უბნის ექიმს, ასევე დაბაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და ჩაიტარონ აცრა.

შესაძლოა ზოგიერთ უბნის ექიმს არ ჰქონდეს მიღებული ვაქცინა და ამის გამო შევიდა მოსახლეობა შეცდომაში. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს რეგიონებში და ისინი მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ“, – ამბობს შავიშვილი.

როგორც რუსუდან შავიშვილი ამბობს, ყველა რისკ-ჯგუფი ამ დროისთვის უკვე აცრილია და დღეს, 22 ნოემბერს დაგეგმილი ვაქცინაცია სხვა მსურველებისთვის არის გათვალისწინებული.

„4 400-მდე ვაქცინა უკვე გაკეთებულია და ისეთი რისკჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვები, ორსულები, დიაბეტიკები, მოხუცები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირები და ა.შ. ყველა აცრილია. ეს არის დამატებითი ვაქცინაცია იმ მოქალაქეებისთვის, ვინც გადაწყვიტა, რომ თავი დაიცვას გრიპის ვირუსისგან“.

რუსუდან შავიშვილის თქმით, ამ დროისთვის აჭარაში გრიპის  1 200 ვაქცინაა შემოტანილი. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, „ბათუმელებმა“ რუსუდან შავიშვილს ჰკითხა, მოთხოვნის შემთხვევაში არის თუ არა ვაქცინის დამატება შესაძლებელი? მისი თქმით, ეს აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არ არის დამოკიდებული.

შენიშვნა: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ გრიპზე უფასო აცრა შეუძლიათ არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com