მთავარი,სიახლეები

თუ ბათუმის მერთან საქმე გაქვთ, დღეს მის ნახვას ლურჯ ავტობუსში შეძლებთ

13.11.2018 • 2073
თუ ბათუმის მერთან საქმე გაქვთ, დღეს მის ნახვას ლურჯ ავტობუსში შეძლებთ

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს, 13 ნოემბერს, საღამოს 8:30 საათიდან ლურჯი ავტობუსით გეგმავს მგზავრობას. ბათუმის მერიის განმარტებით, დაგეგმილია LIVE-მარშრუტი მერთან ერთად, ჟურნალისტების გარეშე – „ამ ინიციატივის მიზანია, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან.“

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ლაშა კომახიძე უამრავ მოქალაქეს ხვდება, ამასთანავე, ყოველ ორშაბათს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში აქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. ვფიქრობთ, რომ საჭიროა კიდევ მეტი კომუნიკაცია ხალხთან და ამ კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, გამოვიყენოთ სხვადასხვა პლატფორმა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ამ ტიპის შეხვედრები გაიმართება რეგულარულად. მერია არ ამხელს, რა მარშრუტს აირჩევს მერი. პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასწარ ეს გადაწყვეტილი არ არის და მერს შესაძლოა ნებისმიერი მიმართულებით მიმავალ ავტობუსში შეხვდეთ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმის მერი პარალალურად „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელია, პირველი ტურის შედეგების  შემდეგ კი ის ამბობდა, რომ ხელისუფლებამ ამომრჩევლისგან მიღებული მესიჯები უნდა გააანალიზოს. რა მესიჯებს მიიღებს მერი დღეს საღამოს ავტობუსით მგზავრობისას, ამაზე კითხვების დასმის საშუალება ალბათ მარშრუტის დასრულების შემდეგ მოგვეცემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: