მთავარი,სიახლეები

ახალი თამაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის შემქმნელისგან

12.11.2018 • 2656
ახალი თამაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის შემქმნელისგან

კინოთამაში კინომცოდნე ლევან გელაშვილის ახალი სამაგიდო თამაშია. ეს არის ვიზუალური ისტორია საინტერესო კითხვებით. ინტელექტუალური, სახალისო თამაში 9 წლის ასაკიდან ყველას შეუძლია ითამაშოს. თამაში იწყება კინოს ისტორიის დასაწყისიდან და სრულდება თანამედროვე კინოთი. როგორც ლევან გელაშვილი ამბობს, ამ ტიპის სამაგიდო თამაშები დამეგობრების კარგი საშუალებაა სკოლის მოსწავლეებისთვის და პროცესს აზარტულს, სახალისოს ხდის.

„თამაში სკოლებში დამაქვს, ათეულობით ფილმიდანაა კადრი და სულ რომ ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხოს მოთამაშემ კინოს ისტორიიდან, კადრებს მაინც ამოიცნობს საიდანაა. ჩართული ვარ კინოცენტრის პროექტში – „კინო სკოლაში“, ეს პროექტი სკოლებში კინოჩვენებების მოწყობას ითვალისწინებს. ერთი წლის წინ გაკეთდა კინოთამაშის საცდელი ვარიანტი. ვაჩვენე კინოცენტრს, მოეწონათ და კულტურის მინისტრმა პროექტის დახურვაზე  გამარჯვებულ სკოლებს გადასცა საჩუქრად სამაგიდო თამაში. ბავშვებს, სკოლებს ძალიან მოეწონათ.

ეს არის წყალგამძლე რუკა, რომელიც არ ზიანდება მარტივად, მოყვება პატარა კინოკამერები, კითხვები და თამაშის წესები,“ – ამბობს ლევან გელაშვილი.

სამაგიდო კინოთამაში

სამაგიდო თამაშები სწავლების მეთოდებში დამატებითი, ალტერნატიული საშუალებაა და  დასავლეთში ამ მეთოდმა გაამართლა. არსებობს, მაგალითად, შერლოკ ჰოლმსისა და სხვა ტექსტების მიხედვით შექმნილი როგორც სამაგიდო, ასევე, კომპიუტერული თამაშები, რომელთა მიზანი ტექსტების სხვა კუთხით გააზრებაა.

ლევან გელაშვილის ასეთივე იდეა იყო ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშიც. სკოლებში მისი ინიციატივით ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატები ტარდება. ყველა სკოლას, სადაც ჩემპიონატს ატარებს, ვეფხისტყაოსნის თითო სამაგიდო თამაშს ჩუქნის. ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბავშვო სტენდზე იყო წარდგენილი.

ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში

მასწავლებლები შიშობენ, რომ სამაგიდო თამაშებს წიგნის საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეთ, თუმცა როგორც ლევანი გვეუბნება, „ვთამაშობ, მაშასადამე ვკითხულობ, ვმონაწილეობ ამბავში და პერსონაჟივით ვმართავ სიტუაციას“, მეტიც: ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის მიზანი მოთამაშის ტექსტით დაინტერესებაა.

„ინტერაქტიულ ეპოქაში ტექსტი მკითხველისკენ აღარ მიემართება სწორხაზოვნად და მხატვრული ტექსტების, კლასიკური ლიტერატურის ამ ფორმით მიწოდება აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა,“ – ამბობს სამაგიდო თამაშების იდეის ავტორი.

გადაბეჭდვის წესი