მთავარი,სიახლეები

რა შანსი აქვს მცირე საკრუიზო გემების ტურიზმს შავ ზღვაზე

18.09.2018 • 5398
რა შანსი აქვს მცირე საკრუიზო გემების ტურიზმს შავ ზღვაზე

„ბოლო სამი წლის განმავლობაში დიდი საკრუიზო გემები, რომლებიც  ხმელთაშუა და კარიბის ზღვას სერავენ და ევროპის გარშემო დაცურავენ, თითქმის გაქრნენ შავი ზღვიდან. ჩვენ ვფიქრობდით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებული მხარე შეგვეკრიბა და გვეფიქრა, როგორ გავაუმჯობესოთ შექმნილი სიტუაცია,“ – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ბათუმში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის) გენერალურმა მდივანმა, მიქაელ კრისტიდესმა.

ფორუმის ბოლო დღეს ერთ-ერთი სამუშაო სესია სწორედ შავ ზღვაზე მცირე საკრუიზო გემების შემოსვლის პერსპექტივის განხილვას დაეთმო.

კრისტიდესის თქმით, ტურისტული სააგენტოები, რომლებიც კარგად ერკვევიან საკრუიზო სფეროში და ამ მიმართულებით მუშაობენ, ეჭვის თვალით უყურებენ შავი ზღვის რეგიონში დიდი საკრუიზო გემების მოზიდვას.

მისივე თქმით, გემებს, რომლებსაც 4-5 ათას ვიზიტორს გადაჰყავთ და შეიძლება 2 ათასი ადამიანისგან შედგებოდეს მხოლოდ ეკიპაჟი, პატარა საპორტო ქალაქებისთვის დიდი ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს.

„დიდი საკრუიზო ლაინერის შემოსვლის დროს ნაპირზე ბევრი ადამიანი გადმოდის, რომლებიც ქმნიან ძალიან დიდ ქაოსს პატარა პორტებში. ისინი ქმნიან პრობლემებს ტრანსპორტისთვის და მცირე რაოდენობით სამუშაო ადგილებს შეზღუდული დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ ეს ადამიანები ცოტას ხარჯავენ იმ ადგილებში, სადაც მიდიან, რადგან ისინი მთელ ფულს მაინც გემზე ხარჯავენ, რომელიც მათი მცურავი სახლია,“ – თქვა მიქაელ კრისტიდესმა.

მისივე თქმით, მცირემასშტაბიანი ტურიზმი შავ ზღვაზე შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე დიდი საკრუიზო გემები.

საჯარო პოლიტიკის მკვლევარის, მატეო ბოკის აზრით, მცირე საკრუიზო გემების ტურიზმს შავ ზღვაზე მასობრივი ხასიათი უნდა მიეცეს, ტურისტებისთვის მარკეტინგული შეთავაზება დამუშავდეს და განსხვავებული სახით მიეწოდოს.

„თქვენ უნდა გაყიდოთ შავი ზღვა, როგორც საზოგადოებრივი, კულტურული, როგორც ბუნებრივი ეფექტი. მე იტალიელი ვარ, ჩემი მეგობრები ბერძნები არიან. აი, ჩავდივართ ბათუმში და დიდ რაღაცას უნდა მოველოდეთ მისგან. ადამიანებს უნდა ვუთხრათ, თუ რა სილამაზე დახვდებათ აქ. არის რიგი მომსახურებისა, რისი შეთავაზებაც შეიძლება. მათ შორის გასტრონომია და ადგილობრივი კულტურა,“ – ამბობს მატეო ბოკი.

„ბათუმი არის შავი ზღვის ყველაზე მოშორებული წერტილი და დამატებითი ხარჯები საჭირო იმისათვის, რომ მიაღწიო ბათუმს. საკრუიზო ხაზებისათვის ეს ერთ-ერთი გამაძვირებელი ასპექტია, ბათუმი რომ ჩართონ თავიანთ მარშრუტში.

ბათუმი ძალიან პროაქტიული უნდა იყოს, რომ გააერთიანოს ძალები შავი ზღვის პორტების გარშემო და მიიზიდოს საკრუიზო ხაზები. ზოგადად, საკრუიზო ტურიზმს ვაწარმოებთ, თუ მცირე კრუიზზე ვიქნებით ორიენტირებული, აუცილებლად უნდა ვიყოთ ინიციატორები ყველა ახალი პროცესისა შავ ზღვაზე არსებულ პორტებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვერდზე დაგვტოვებენ,“ – თქვა თავის გამოსვლაში ტურიზმის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა, რომელიც ვორქშოფზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი
ფოტო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ექსპერტთა აზრით, რომლებიც ლურჯი ეკონომიკის ხაზით მუშაობენ, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც შავ ზღვაზე მცირე საკრუიზო ტურიზმის განვითარებას დაეხმარება, ლურჯი დროშის ქონაა. შავი ზღვის ქვეყნებიდან ერთადერთი საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც არც ერთი ლურჯი დროშა არ აქვს. ყველაზე მეტი ლურჯი დროშის მფლობელი თურქეთია. ლურჯი დროშა ეს არის ერთგვარი სერტიფიკატი, რომელიც სანაპირო პლაჟებს ენიჭება. თუ ქვეყანას ლურჯი დროშა აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი სანაპირო ზოლი სუფთაა.

ჯამში 33 კრიტერიუმია, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ, რომელსაც სურს ლურჯი დროშის მიღება. ამ კრიტერიუმებს შორის მთავარი არის წყლის ხარისხი და სუფთა სანაპირო. ლურჯი დროშის მისაღებად იმ მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს სანაპირო.

„ლურჯი დროშა ეს არის ერთ-ერთი ნაწილი გარემოს ხარისხისა. კი არის სამარკეტინგო ინსტრუმენტი, მაგრამ ეს უფრო მეტია. ეს არის, ასე ვთქვათ, ISO სტანდარტი იმ პროცესების ამოქმედებისა, რომლებიც ზემოქმედებენ გარემოს ხარისხზე. ამავე დროს, ეს არის ადგილობრივი ინიციატივა. ქალაქის დონეზე უნდა გადაწყდეს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ ეს დროშა,“ – თქვა მატეო ბოკმა.

მსოფლიოს პლაჟებს ლურჯ დროშას ეკოლოგიური განათლების ფედერაცია (FEE) გადასცემს. ბათუმში გამართულ საზღვაო ფორუმზე FEE-ის წარმომადგენელი, ალმილა კინდან ჩებარი იყო ჩამოსული.

„იმისათვის, რომ ჩვენს ეკოლოგიურ მიზნებს მივაღწიოთ, ჯერ ძალაუფლების, ფულის მქონე ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს მათ გამოადგებათ. თქვენ შეგიძლიათ აქცენტი გააკეთოთ ეკონომიკურ სარგებელზე. ჩვენ ვიყენებთ ამას როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტს, გავყიდოთ ჯანსაღი გარემო. მე ყოველთვის ვეუბნები მუნიციპალიტეტებს, ნუ ფიქრობთ იმაზე, რომ ლურჯი დროშა თქვენი დაწინაურებისათვის მიიღოთ, ეს საზოგადოებისთვის ხდება – ლურჯი დროშა უპირველესად ადგილობრივებს ემსახურება. ტურისტები ჩამოდიან რამდენიმე დღით, ერთი კვირით, შემდეგ ისინი თავიანთ ნაგავს ტოვებენ, რომელიც თქვენ უნდა გადაყაროთ,“ – თქვა ალმილა კინდან ჩებარმა.

2015 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ჰქონდა მცდელობა, აჭარაში არსებულ პლაჟებს ლურჯი დროშა მიეღოთ. თუმცა იმ პერიოდისთვის ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლურჯი დროშის მისაღებად არც ამჟამად ტარდება რაიმე სამუშაო.

საკრუიზო ლაინერი ბათუმში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: