Batumelebi | „ველმონდის“ წარმომადგენელი: სასტუმრო მუშაობის შეჩერებას არ აპირებს „ველმონდის“ წარმომადგენელი: სასტუმრო მუშაობის შეჩერებას არ აპირებს – Batumelebi
RU | GE  

„ველმონდის“ წარმომადგენელი: სასტუმრო მუშაობის შეჩერებას არ აპირებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს. სამსახურის ინფორმაციით, შენობაში სახანძრო უსაფრთხოება კვლავ არ არის დაცული. ამის შესახებ „ბათუმელებისთვის“ დღეს გახდა ცნობილი. „ველმონდის“ წარმომადგენლმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მუშაობის შეჩერებას სასტუმრო არ აპირებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასტუმრო „ველმონდის“ წარმომადგენლის, კახაბერ წერეთლის ინფორმაციით, „აღნიშნულ სამსახურთან იყო სრული კოორდინაცია, მიმდინარეობდა რეკომენდაციების შესრულება და მათი მხრიდან მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენთვის მოულოდნელად… ამ ეტაპზე სასტუმრო და სამორინე მუშაობას განაგრძობს და ვაპირებთ კანონიერი პროცედურების ბოლომდე დაცვას და სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამისთვის 48-საათიანი ვადა გვაქვს. შეჩერებას სასტუმრო არ აპირებს, რადგან ეს არის დიდი დარტყმა ბიზნესზე, თან სეზონზე. შენობაში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კეთდებოდა ყველაფერი, რაც იყო რეკომენდაცია და გაწერილი ვადების მიხედვით. გარკვეულ პუნქტში იყო წინსწრება, გარკვეულ პუნქტში იყო ჩამორჩენა… იყო ჩვეულებრივი მუშა პროცესი და არ ყოფილა რაიმე გაფრთხილება, რომ ამაში გაქვთ ჩამორჩენა, გამოასწორეთ და ა.შ. ამიტომ იყო მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება“.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა ახალი სახელით – „ველმონდი“ – 2018 წლის მაისიდან გააგრძელა.

ამ თემაზე:

საგანგებო: სასტუმრო „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com