მთავარი,სიახლეები

21 კილომეტრი ცურვით, ხელების გამოყენების გარეშე – ბეგლარ ელბაქიძე რეკორდისთვის ემზადება

30.06.2018
21 კილომეტრი ცურვით, ხელების გამოყენების გარეშე – ბეგლარ ელბაქიძე რეკორდისთვის ემზადება

58 წლის მოცურავე ბეგლარ ელბაქიძე აჭარაში მორიგი რეკორდის დამყარებას აპირებს – იგი გეგმავს ბათუმიდან ქობულეთამდე ე.წ. ვერტიკალური ცურვით ჩავიდეს და გააუმჯობესოს გასულ წელს დამყარებული რეკორდი. ცურვის ამ სახეობის დროს არ გამოიყენება ხელები, ლასტები და სხვა საცურაო აღჭურვილობა. ბეგლარ ელბაქიძეს ორივე ხელში დროშა ექნება და ისე დაფარავს ცურვით დისტანციას ბათუმიდან ქობულეთამდე.

„21 კილომეტრი უნდა გავცურო შეუჩერებლად ბათუმიდან ქობულეთამდე. ვფიქრობ, 10-11 საათი დამჭირდება. უკვე ორი კვირაა ბათუმში ვარ და ვემზადები“ – უთხრა ბეგლარ ელბაქიძემ „ბათუმელებს“.

ვერტიკალური ცურვა, ხელების გამოყენების გარეშე, ბეგლარ ელბაქიძემ ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა, ხაშურის სოფელ გომში, მდინარე მტკვარში:

„სახლიდან ასიოდე მეტრში მოედინება მტკვარი. ბავშვობიდან ასე ვცურავ, არავის არ უსწავლებია არასდროს, ისე გამოვიდა, რომ ხელში ხან ქვები მეჭირა, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადამქონდა, ვთამაშობდით ბავშვები და ასე ვისწავლე. ნახევარი სოფელი ასე ცურავს ჩვენთან, თუმცა დიდხანს ამ ფორმით ცურვა ბევრს არ შეუძლია. 2006 წელს, თბილისის ზღვაში ვცურავდი, ცალ ხელში ტელეფონი მეჭირა, მეორეში – სიგარეტი. მაშინ შემამჩნიეს სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა“ – გვიყვება ბეგლარ ელბაქიძე.

2007 წელს ბეგლარ ელბაქიძემ ხელების დახმარების გარეშე თბილისის ზღვაზე 8 კილომეტრი გაცურა. ეს დისტანცია მან 3 საათსა და 28 წუთში, ლასტებისა და სპეციალური კოსტიუმის გარეშე, ხელაწეულმა გადაცურა, მას ცალ ხელში მობილური ტელეფონი, მეორეში კი საქართველოს დროშა ეჭირა.

ცურვის გარდა ბეგლარი მუსიკითაა დაკავებული, ამბობს რომ კლავიშიან ინსტრუმენტებზე უკრავს.

ბეგლარ ელბაქიძე რეკორდის დამყარებას წელს, აგვისტოში აპირებს. ზუსტი თარიღი, როდის დაფარავს თვითნასწავლი სპორტსმენი 21 კილომეტრს ბათუმიდან ქობულეთამდე, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს აგვისტოს ბოლოს მოხდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.