ეს პატარა სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივაძეებში მდებარეობს. აქ სამი მოსწავლე სწავლობს და მათთვის ზარი სკოლის შენობაზე სპეციალურად მიმაგრებულ რკინის ნაჭერზე დარტყმით ირეკება.
სკოლა დაწყებითია. შენობაში სულ სამი ოთახია. ორ ოთახში კლასებია, ერთ ოთახში კი მხოლოდ სკამები ალაგია. სკოლას არც შენობაში და არც ეზოში არ აქვს სასმელი წყალი.
ცივაძეების დაწყებითი კლასების სკოლა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაშია. ამ სკოლის დირექტორის, ლევან კილაძის ინფორმაციით, ცივაძეების სკოლა 2004 წელს აშენდა და სკოლის სამ მოსწავლეს ორი მასწავლებელი ასწავლის. მისივე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რაც შეეხება „უჩვეულო“ ზარს, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სამი მოსწავლისთვის ეს ზარი სრულიად საკმარისია.