მთავარი,სიახლეები

ვისთვისაა სავალდებულო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება საჯარო სამსახურში დასასაქმებლად

25.05.2018 • 3792
ვისთვისაა სავალდებულო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება საჯარო სამსახურში დასასაქმებლად

საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველი ვალდებულია გაიაროს სერტიფიცირება და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რომელსაც ვაკანსიის დასაკავებლად გამოაცხადებს ესა თუ ის საჯარო დაწესებულება.

სერტიფიკატის ქონა აუცილებელი იქნება 2019 წლის იანვრიდან გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესსა და თემატიკას, ის საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 22 მაისს დაამტკიცა და ძალაში 24 მაისიდან უკვე შევიდა.

საჯარო სამსახურის ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე არის გარდამავალი პერიოდი და სერტიფიკატი ამ პერიოდში არავის მოეთხოვება. გარდამავალ პერიოდში კი ბიურო სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ახალი წესის მიხედვით,

სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება:

[checklist]

  • მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირი, რომელიც არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, შეუსრულდა 18 წელი და აქვს საშუალო განათლება მაინც.

[/checklist]

სერტიფიცირების გავლის ვალდებულება არ აქვს:

[crosslist]

  • მოქმედ მოხელეს;
  • ყოფილ მოხელეს [პირი, რომელსაც გააჩნია საჯარო დაწესებულებაში სამსახურის სტაჟი];
  • უმაღლესი განათლების მქონე პირს;
  • ასევე პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

[/crosslist]

სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ადგილას და დროს. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.hr.gov.ge.

გამოცდაზე ტესტური დავალებები შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის შემდეგი სამი კომპონენტიდან [დარგიდან]: სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები. თითოეულ ტესტში არაუმეტეს 15 ტესტური დავალება არის სახელმწიფო ენიდან, 20 ტესტური დავალება – ზოგადი უნარებიდან და 15 ტესტური დავალება − სამოქალაქო განათლებიდან.

სასერტიფიკატო გამოცდის საბოლოო შედეგი გამოცდაში მონაწილე პირს ტესტის დასრულებისთანავე ეცნობება. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოცდაში მონაწილე პირი შეკითხვების 50%-ს მაინც უპასუხებს სწორად, რის შემდეგაც მას ელექტრონულად ეგზავნება სერტიფიკატი მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე იმ პირს, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა, სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარების უფლება არ აქვს ორი თვე. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირების გავლის მსურველი პირი ხელახლა გადის ელექტრონულ რეგისტრაციას.

სერტიფიცირების თემატიკა

სერტიფიცირების თემატიკა სახელმწიფო ენაში:

[checklist]

  • ქართული ენის მართლწერა.
  • პუნქტუაცია.
  • სტილი და ლექსიკა.

[/checklist]

სერტიფიცირების თემატიკა სამოქალაქო განათლებაში:

[checklist]

  • სახელმწიფოსა და სამართლის ძირითადი საკითხები.
  • საჯარო მმართველობა.
  • დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება.
  • საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
  • ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

[/checklist]

სერტიფიცირების თემატიკა ზოგად უნარებში:

[checklist]

  • ვერბალური ნაწილი: ლოგიკა, წაკითხული ტექსტის გააზრება.
  • მათემატიკური ნაწილი: რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა საკმარისობის შეფასება, შეფარდება და პროპორცია, რიცხვის ნაწილი და პროცენტი.

[/checklist]

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: